მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა იწყება

პესკოვის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება არ განიხილება

რუსეთში 1 აპრილიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა იწყება. თავდაცვის სამინისტრომ რეგიონებში წვევამდელთა საჭირო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უკვე გაგზავნა. მალევე რამდენიმე რეგიონულ მედიაში გამოჩნდა ცნობა საკონტრაქტო სამსახურში საჭირო სამხედრო კონტინგენტის რაოდენობაზე. საუბარია თავდაცვის ძალების 400 ათასი სამხედროთი შევსების საჭიროებაზე.

გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რეგიონების გუბერნატორები იქნებიან. თავდაცვის სამინისტროს გეგმით, ჩელიაბინსკისა და სვერდლოვსკის ოლქებში პროფესიულ სამხედრო სამსახურში უნდა ჩაირიცხოს 10 ათასი ადამიანი ხოლო პერმის მხარეში 9 000.

იუწყებიან, რომ სამშაბათს ვორონეჟის ოლქში სამხედრო კომისარიატებში კვლავ დაიწყეს უწყებების დარიგება, როგორც ეს ხდებოდა გასული წლის სექტემბერში, როდესაც პუტინმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ეს “მხოლოდ სამხედრო ჩანაწერების განახლებისთვის” კეთდება.

გამოცემა Вёрстка წერს, რომ სამხედრო კომისარიატები ცდილობენ, რუსული არმიის დანაკარგები აანაზღაურონ. ყველაზე დეფიციტურია ჯავშანტექნიკის მძღოლები და არტილერისტები. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდეც და ახლაც უარყო მობილიზაციის მეორე ტალღის გეგმის არსებობა. „კრემლში ასეთი დისკუსიები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა.

გასული წლის ბოლოდან მედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყების შესახებ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად ადამიანური ძალის ნაკლებობის გამო. ამ შესაძლებლობის შესახებ განაცხადეს დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა და უკრაინის ხელისუფლებამ. კრემლი ამგვარი გეგმის არსებობას უარყოფს.

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის სექტემბერში გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაციის” ფარგლებში სამხედრო სამსახურში 330 000-ზე მეტი რეზერვში მყოფი ადამიანი გაიწვიეს. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. პროექტი დასრულებულად გამოაცხადა ვლადიმირ პუტინმაც, მაგრამ შესაბამისი განკარგულებისთვის ხელი არ მოუწერია. ოფიციალურად რუსეთში მობილიზაცია გრძელდება.

იანვარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში რუსული ჯარის რაოდენობა მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს. ვარაუდობენ, რომ მათი თითქმის ნახევარი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იქნება. ამავდროულად, სახელმწიფო დუმას წარედგინა კანონპროექტი ჯარში სამსახურის ასაკობრივი ზღვრის 27-დან 30 წლამდე გაზრდის შესახებ.

ამასთან რუსული მედია წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს გეგმების მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 400 000-დან 521 000 ადამიანამდე უნდა გაიზარდოს.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება არ განიხილება.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მობილიზაციის საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია და მათი პოზიცია არ შეცვლილა.

“ამ კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ. ამ საკითხს არ განვიხილავთ. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, ვიმეორე, ეს მუდმივი სამუშაოა. ყველა დეტალის დაზუსტებისთვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სამხედროებს და თავდაცვის სამინისტროს”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button