მნიშვნელოვანისიახლეები

ბორჯომის ხეობა კვლავ სტიქიის ზონაა

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ასეულობით მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებული იყო 50 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

იქ, სადაც რთული რელიეფია და ცოცხალი ძალა ვერ მიდის, ღია ცეცხლის კერების ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ. პილოტები ავზებს ავსებენ და რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, კვლავ სტიქიის ზონაში გადიან. ქარი და მაღალი ტემპერატურა, უკვე მესამე დღეა ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზებას ართულებს.

მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები, სტიქიის ზონაში ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ზოგჯერ შიშველი ხელებითაც მუშაობენ. გართულებული მდგომარეობის გამო პრემიერ- მინისტრმა ყველა შესაბამის უწყებას უკვე დაავალა, რომ საკუთარი თანამშრომლები ცეცხლის ქრობის პროცესში აქტიურად ჩართონ . ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით კი ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანებაც გამოსცა, სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 300-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-ი თანამშრომელი. ცოცხალ ძალასთან ერთად მობილიზებულია სპეცტექნიკა, რთულად მისადგომ ადგილებში კი მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები მუშაობენ. დილიდან – დაბნელებამდე ქრობის პროცესი ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. მდინარე მტკვარზე დამონტაჟებულია წყლის ტუმბოები, ერთი კილომეტრზე გაშლილია წყლის მაგისტრალები.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს აკვირდებიან იმ სოფლებშიც, საიდანაც ღია ცეცხლის კერები კარგად ჩანს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მასშტაბური ხანძარი ბორჯომის ტყეში მოქალაქეების დაუდევრობამ გამოიწვია.

მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში დამწვარი ტყის მასივი ჩანს. ცეცხლი ლოკალიზებულია. ღია კერები აღარ არის, თუმცა ახლის გაჩენის საფრთხე კვლავ დიდია. რისკს მაღალი ტემპერატურის გამო , გაცხელებული ნიადაგი ზრდის. ადგილზე ვითარების გასაცნობად სტიქიის ზონაში შინაგანს საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ.

სტიქიის ზონებთან მდებარე სოფლებში ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის გავრცელების არეალს, დრონებით აკონტროლებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებშითავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე მოხსნილია.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ადგილზე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბიც.

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მინისტრის თქმით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები იქნება.

“ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები. არის აქტიური კერებიც, მუშაობენ.

დაახლოებით 1200 კაცზე მეტია მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს დაცვის წარმომადგენლებიც არიან.

ასევე, მობილიზებულია ტექნიკა – 120-110 ერთეული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც გზის გაყვანაზე მუშაობენ, რომ მიუდგნენ – ფიზიკურად ვერ უდგებიან ადამიანები.

ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენებიც, თუმცა, წყალი თუ არ მიაწოდეს, მარტო ადამიანის ჩასვლა ცეცხლს ვერ ჩააქრობს, აქედან გამომდინარე, გზების გაყვანაზე მუშაობს ტექნიკა, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.

საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ არ ამოვარდა ქარი, ღამით კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. თუ ქარი ამოვარდა, რა თქმა უნდა, არის გავრცელების რისკი, ან შეიძლება, უფრო მეტად მოედოს ტერიტორიებს.

ხანძარი ლოკალიზებული გვაქვს სოფლებისკენ, დასახლებული პუნქტებისკენ რომ არ გავრცელდეს მანქანებია მობილიზებული. თუ ძლიერი ქარი ამოვარდა, შესაძლებელია მეტი ტერიტორია დაიწვას, ვიდრე ახლაა დამწვარი. თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია. ვახტანგ გომელაურმა სიტუაციის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ვერ იქნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბორჯომში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ცეცხლის კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე მოხდა შესაბამისი სამსახურების მიერ რეაგირება.

„როგორც კი ცეცხლის კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე მოხდა რეაგირება, შესაბამისი სამსახურების ჩართულობა, უბრალოდ, ძალიან მიუვალ ადგილებში იყო ცეცხლი გაჩენილი, ამან გაართულა ლოკალიზება, შემდგომ იყო ქარი, რომელმაც სწრაფად მოახდინა გავრცელება. დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ვერ იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიას შეფასებით, ხანძრის შედეგად სავარაუდოდ 150 ჰექტარი ტყეა განადგურებული, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

„ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახურია აქ მობილიზებული. ჩართულია თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩვენი სატყეო სააგენტოს დაახლოებით 160 თანამშრომელია ჩართული პროცესში, მობილიზებულია 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენები არიან ჩართული პროცესში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია სტაბილურია. მოსახლეობისთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ლოკალიზება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

სავარაუდოდ საუბარია 150 ჰექტარზე, თუმცა ეს დასაზუსტებელია. კერები ლოკალურად სხვადასხვა ადგილასაა. შესაბამისად როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება თუ რა მასშტაბზეა მთლიანობაში საუბარი. ზარალი გამომდინარეობს იქიდან რა მასშტაბზეა და რა ზიანი იქნა გარემოზე მიყენებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, თუ ძალიან ძლიერი ქარი არ იქნა ან რამე სხვა გარემოებებმა არ შეუშალა ხელი სამუშაოებს, ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელი იქნება.

„აბსოლუტურად ყველა სამსახური ჩართულია ჩვენი. ჩემი მოადგილეც აქ არის და თუ საჭირო იქნება აქ ვიქნებით და გავუძღვებით ჩვენ თვითონ ამ ყველაფერს, თუმცა ყველაფერი კეთდება და ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს ხანძრის ძალიან სწრაფად ლოკალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის ძალების ჩართულობა. პრემიერის გადაწყვეტილებით მოხდა გუშინ თავდაცვის ძალების ჩართვა და ვფიქრობთ, რომ თუ ძალიან ძლიერი ქარი არ იქნა ან რამე სხვა გარემოებები, ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვფიქრობთ, რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც ვთქვათ, გუშინ იყო, უკვე თავიდან არის არიდებული და იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა არის მობილიზებული.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ სამომავლო რისკები შეგვეფასებინა, გადაწყვეტილება მიგვეღო, არის თუ არა აღნიშნულ ღონისძიებაში ჯარის ჩართვა საჭირო. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა განკარგულება გამოსცა, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთო. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ საჭირო იყოს, ასევე, ცოცხალი ძალა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც ვთქვათ, იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული და იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩაერთო სამუშაოებში ხანძრის გაჩენის პირველსავე დღეს ვერტმფრენი, თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს 19 რიცხვშივე ვერ შეამცირებდა.

შეგახსენებთ რომ წუხელ, 21 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები.

„ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დღეიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button