ანალიტიკაეკონომიკამნიშვნელოვანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახურვა გრძელდება

საქართველოს ბაზაზრზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ბაზარს ეთიშებიან წინა წლებში წარმატებული მისო-ები და ცხადია, მათი დახურვით გარდა იმისა, რომ მომხმარებელს არჩევანი უმცირდება, ასევე იზრდება უმუშევართა რიცხვი. ვინც მისო-ებში იყო დასაქმებული, ახალი სამსახურის ძებნა უწევთ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 31 ივლისის განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვა“ და ასევე „სიტი კრედიტი“ წყვეტენ მიკროსაფინანსო საქმიანობას.  წინა დღეებში გაუქმდა „სვის კრედიტი“, „კრედფინი“, „ლენდო“,  მანამდე იყო  „ვივუსი“ და ა.შ.

ჯამში, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე 41 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა დარჩენილი, როცა გასულ წლებში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.  ასე რომ, კონკურენციის შემცირების და უმუშევრობის ზრდის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობით ბაზარი უფრო ჯანსაღი ხდება.

რამ გამოიწვია მისოების დახურვა

სებ-ის სტატისტიკით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება. 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, წლევანდელი 31 ივლისის მონაცემებით კი, მათი რიცხვი – 41-მდე შემცირდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რომ გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევდათ და ბევრი მათგანი დაიხურებოდა კიდეც, მოსალოდნელი იყო. მიზეზი სების რეგულაციებია. ერთ-ერთი მათგანი 1 თებერვლიდან ამოქმედდა. ლომბარდებს სესხის უზრუნველყოფისთვის მომხმარებლების მიერ დაგირავებული ქონების ბანკებში გადაგირავება აეკრძალათ. შესაბამისად, ბევრად რთული გახდა სესხის გაცემა იმ მიკროსაფინანსოებისთვის, ვინც ფულად რესურსს ძირითადად სალომბარდო საქმიანობიდან იღებდნენ. რეგულაციამ ბანკებსაც აუკრძალა მომხმარებლების მიერ დაგირავებული ქონების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, მაგრამ კომერციულ ბანკებს მაინც გაცილებით დიდი საშუალება აქვთ და ნაკლები დარტყმა მიიღეს.

აქვე, მიკროსაფინანსოების შემოსავლიანობის სტატისტიკას თუ ვნახავთ, მათი საქმიანობის მასშტაბი შემცირების ტენდენცია აშკარაა.

2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მან მხოლოდ 112 ათასი ლარი შეადგინა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მიკროსაფინანსოებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები გახდა. სექტორის წმინდა მოგება პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა. 2017 წლიდან კი მომგებიანობის ჯამური მაჩვენებელი დაღმავალია. 2020 წლის პირველ კვარტალში სექტორის ჯამური მოგება 18.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

მართალია ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები დაიხურა და ასევე მისოების რაოდენობაც მცირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიზარდა სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 201 ერთეულს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია მანამდე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი გამსესხებლების აღრიცხვამ. 2019 წლის ივნისში სესხის გამცემი სუბიექტეის რაოდენობა 182-ს შეადგენდა.

ისევ მისოებს რომ დავუბრუნდეთ, 2020 წლის მეორე კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის ზარალით დაასრულს. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში მისო-ებში სულ დასაქმებული იყო 3 974 ადამიანი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 175.

ერთი წლის განმავლობაში შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2019 წლის მეორე კვარტალში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 392 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2020 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 380-მდე შემცირდა.

საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში გაიზარდა მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც. ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,117 მლრდ ლარის სესხი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,080 მლრდ ლარი.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სტრუქტურას, 2020 წლის მეორე კვარტალის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,117 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი – 358,3 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. 280,2 – სამომხმარებლო სესხი, 196 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.

მისო-ების რაოდენობის შემცირება სების პრეზიდენტს ჯანსაღ პროცესად მიაჩნია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების პროცესის დროს მისოების დახურვით საფინანსო ბაზარზე კონკურენცია არ მცირდება.

წლის დასაწყისიდან 25-ზე მეტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა ბაზარი, რამდენიმე კი ლიკვიდაციის პროცესშია. კითხვაზე, რატომ იხურებიან მის-ოები და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საფინანსო ბაზარზე კუნკურენცია კიდევ უფრო მცირდება, საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამით კონკურენცია კი არ მცირდება, არამედ ბაზარი უფრო ჯანსაღდება.

„ცალსახად აღვნიშნავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მცირდება, უფრო მეტი რაოდენობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ამ სექტორში კონკურენცია უფრო მაღალი იქნება. კონკურენცია იქნება მაშინ, როდესაც იქნებიან ის ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც არიან ჯანსაღი და რომლებსაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში ბაზარზე ჯანსაღად მუშაობა“, – განმარტა გვენეტაძემ.

„საკმაოდ ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მათი რეგულირება, აღმოჩნდა, რომ ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც იყო საჭირო იმისთვის, რომ მათ ბაზარზე ეფუნქციონირათ. ისინი იზიდავდნენ სახსრებს და ასეთი გაუმართავი მუშაობის დროს არაფრით არ შეიძლება თანხების მოზიდვა, რადგან დგება რისკები ამ თანხების დაუბრუნებლობის და არავის მოეწონებოდა თუ ამ თანხების დაბრუნება არ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, აქ მთავარია ჯანსაღი მონაწილეები, კონკურენცია არის და კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გვენეტაძის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი მიმართულება ბიზნესების დაკრედიტება უნდა იყოს. მისო-ების ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრაცია, გადაკეთდნენ სესხის გამცემ ორგანიზაციებად და ამ სტატუსით მოქმედებენ. სების პრეზიდენტი ვრაუდობს, რომ შექმნილი მდგომარეობა არ გამოიწვევს ბრუნვების შემცირებას და ამბობს, რომ არასაბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა ჯამურად სტაბილურია.

მისოების და ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობის შემცირება ლოგიკურად მიაჩნია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძეს.

„ამ რეგულაციების პირობებში, საქართველოში ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების არსებობა მართლაც აზრს კარგავს, რადგან ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი 50%-მდე დაადგინეს. ამ საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები იმ შედეგებს ვეღარ აღწევდნენ და ვერც ისეთ მოგებაზე გადიოდნენ, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირების დროს ჰქონდათ, შესაბამისად, ლოგიკური შედეგი მივიღეთ. მისო-ებმა ახალ რეგულაციებს ვერ გაუძლეს და მუდმივად ზარალზე გადიოდნენ. ონლაინ-სესხების გამცემ კომპანიებში, „ვივუსი“ ბაზრის ყველაზე დიდი წილის მფლობელი იყო, რომელსაც პირველ ეტაპზე, კარგი მოგება ჰქონდა. თუმცა იმ ბიზნეს-მოდელმა, რომლითაც ეს კომპანია მუშაობდა, ახალი რეგულაციების პირობებში, აზრი დაკარგა. ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვა – ბაზარზე მისო-ების რაოდენობა მცირდება“, – ამბობს კეპულაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button