მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქალაქ დნიპროში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთმა უკრაინას დააკისრა

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ დნეპრში მომხდარ ტრაგედიასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში. 17 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ნებენზიამ განაცხადა, რომ ენერგოობიექტისთვის ნასროლი რუსული რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომლის დანადგარი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით იყო განთავსებული ქალაქის საცხოვრებელ რაიონში. როგორც ნებენზიამ თქვა, უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს რომ მისდევდეს, ტრაგედია არ მოხდებოდა.
მისივე მტკიცებით, უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურება რუსეთის მიზანი არასოდეს ყოფილა.
ნებენზიას ცინიკურ გამოსვლას უკრაინის წარმომადგენელის პასუხი მოჰყვა რომ სახლს, სავარაუდოდ, მოხვდა რუსული რაკეტა Х-22, რომლის მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

“სამწუხაროდ, აქ შეკრებილ ადამიანებს გვიწევს რუსეთის სისულელეების მოსმენა, თუმცა ეს ჩვენი, აქ შეკრებილი ადამიანების ვალდებულებაა. თუ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული იყო უშიშროების საბჭოში ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების საკითხების განხილვით, უმჯობესი იქნებოდა, ამ მიმართულებით საუბარი ყოფილიყო ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ვითარებასა და უკრაინის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შედგენილ მოხსენებაზე, – განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიციამ.
14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.

ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 17 იანვარს დასრულდა. მისი შედეგები და მიმდინარე გამოძიების დეტალები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გააცნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებმა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, რაკეტის ფრაგმენტების იდენტიფიცირების წინასწარი შედეგებით, დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა Х-22 ტიპის, ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც აქვს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთადერთ ქვედანაყოფს – შორეული ავიაციის ბომბდამშენთა 52-ე პოლკს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის განცხადებებს, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.

დნიპროში რამდენიმედღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 დაღუპულიდან ერთ-ერთი 11 თვის ბავშვია.

გასული დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა დონეცკის ოლქი – ქალაქ კრამატორსკში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ძალებმა 37-ჯერ დაბომბეს სასაზღვრო დასახლებები სუმის ოლქში. ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button