მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან, “ოცნების” შემომწირველებისთვის

IDFI-ს კვლევა კორუფციის ნიშნებსა და პანდემიის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, პოლიტიკური ელიტის გამდიდრებაზე მეტყველებს. იმ კონტრაქტების გამოსარკვევად, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პარტიის შემომწირველებთან აფორმებს, ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. საკვები მარაგების შესაძენად, მთავრობა მილიონობით ლარს სწორედ მსხვილ შემომწირველებს აძლევს.

კომპანია „მზიურს“ მზესუმზირის ზეთით საკვები მარაგების შევსება სახელმწიფომ 3 აპრილს, პირდაპირი შესყიდვის წესით დაავალა. შესყიდვის ჯამური ღირებულება თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარია; დამკვეთი, – სოფლის მეურნეობის სააგენტო. შესყიდვის დეტალები თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გაარკვია. ორგანიზაცია წერს, რომ იმ კომპანიის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც მთავრობამ აირჩია, ქართული ოცნების შემწირველები არიან. საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომპანიის დირექტორმა შოთა ბასილაშვილმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა ოცნების ანგარიშზე 80-80 ათასი ლარი გადარიცხეს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი, აკაკი ახვლედიანია. მისი ბიზნესპარტნიორი შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ძმაა.

მსგავსი ისტორია აქვს მეორე კომპანიას, რომელმაც საკვები მარაგები შაქრითა და მაკარონით უნდა შეავსოს. შპს „ალფასთან“ თითქმის სამი მილიონი დოლარის ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მფლობელი კობა კურდღელაშვილია, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ნაციონალების კვოტით, 2016 წელს კი, – “ქართული ოცნების” გამორჩეული შემწირველი. მისი ბიზნესსაქმიანობაც „ქართული ოცნების“ სხვა შემწირველებს უკავშირდება. ცალკე პრობლემაა ის, რომ ორივე კომპანია მთავრობას რუსული წარმოების პროდუქტებით მოამარაგებს.

განსხვავებული პოლიტიკაა მუნიციპალიტეტებში. IDFI-ის ანალიზიდან ირკვევა, რომ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები საკვებს ერთი და იგივე კომპანიისგან, შპს „მადაგონისგან“ იმარაგებენ. მისი დირექტორი იური ბედინეიშვილია, რომელმაც ქართულ ოცნებას 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა. ჯამში კომპანიამ კოვიდ-19-თან დაკავშირებული შესყიდვებით, 655 000 ლარზე მეტი მიიღო. კომპანიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ყველაზე ძლიერი მიმწოდებლები არიან და ხელშეკრულებები მათ პოლიტიკურ სიმპათიებს არ უკავშირდება.

მოისმინეთ შპს “მადაგონი 2”-ის განვითარების მენეჯერის, ანა ბედინეიშვილის ხმა.

საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ შესყიდვებში კორუფციის რისკებს ხედავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც”. ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიანიშნა.

მოისმინეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევითი პროექტების ხელმძღვანელის, ერეკლე ურუშაძის ხმა.

„ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს ამდიდრებს”. – ასე აფასებენ ოპოზიციაში სადავო ტენდერებს. მოძრაობა „ლელო“ საქართველოს პარლამენტს მოკვლევის ჯგუფის შექმნას ურჩევს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, რუსულ კომპანიებთან კავშირის გამო, გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილის, “ევროპული საქართველოდან” ირაკლი აბესაძის და “ლელოდან” საბა ბუაძის კომენტარები.

შემწირველებზე მორგებულ ტენდერებთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ პასუხი ჯერჯერობით არ აქვს. ცალკეულ კომპანიებში კი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზარებს არ პასუხობენ. არასამთავრობო სექტორი საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარვეზებზე მიანიშნებს და ამის მაგალითად სასტუმროების შემთხვევაც მოჰყავს. მას შემდეგ, რაც საკარანტინო ზონებში ერთი კაცის ღირებულება განისაზღვრა, მთავრობის მიერ დახარჯული თანხა თითოეულ სასტუმროში თითქმის ნახევარი მილიონით შემცირდა.

წყარო: “ფორმულა”

მსგავსი პოსტები

Back to top button