მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,მიმდინარე კრიზისი არის ნატო-ს მრავალწლიანი აგრესიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი,,-პუტინმა და შოლცმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შლლცს შორის 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კრემლის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე სიტუაციას.

„ვლადიმერ პუტინმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კრიზისი არის ნატო-ს მრავალწლიანი აგრესიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ტერიტორიაზე ანტირუსული პლაცდარმის შექმნას, ხოლო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ქვეყნის ინტერესების იგნორირებას და ლახავს რუსულენოვანი მაცხოვრებლების უფლებებს. “-აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე რაც შეეხება მიმდინარე ომის დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით მოგვარებას, პუტინმა აღნიშნა რომ რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი და ღიაა განაახლოს კიევის რეჟიმის მიერ შეწყვეტილი მოლაპარაკებები.

„შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში, ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას და რაც მთავარია, აღმოფხვრას კონფლიქტის ძირითადი მიზეზები“, – წერია განცხადებაში.

საუბარი ასევე შეეხო გერმანიის და რუსეთის ურთიერთობას. პუტინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დეგრადირებულია, რაც გერმანიის ხელისუფლების არამეგობრული კურსის შედეგია. რუსეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ ენერგეტიკულ სექტორში ხელშეკრულების ვალდებულებებს და მზად არიან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის, თუ გერმანული მხარე ამით დაინტერესდება.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

“პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მოვუწოდე, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება და გაიყვანოს ჯარები. რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმართული მოლაპარაკების სურვილი”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ზე წერს.

Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით კი წერს, რომ ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას, შოლცმა უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

“კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით. შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა სპიკერმა.

მისივე თქმით, პუტინთან საუბრამდე, შოლცი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ საუბრის შემდეგ უკრაინის ლიდერს შედეგებს შეატყობინებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბარ შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის იზოლაციას და გაახანგრძლივებს ომს უკრაინაში, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი პრეზიდენტის ოფისიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, შოლცმა წინასწარ აცნობა ზელენსკის, რომ აპირებდა საუბარს პუტინთან. თუმცა, ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ ეს ზარი დაეხმარებოდა პუტინს იზოლაციის შემცირებაში.

“პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება პუტინს, შეამცირებს მის იზოლაციას. პუტინი არ ეძებს რეალურ მშვიდობას, მას სურს შესვენება. საუბარი პუტინს მისცემს შესაძლებლობას შეცვალოს სცენარი და გააგრძელოს ომი. ეს არ მოიტანს მშვიდობას, რადგან პუტინი გაიმეორებს ტყუილებს, რომლებსაც წლებია ამბობს და იგრძნობს, რომ ის აღარ არის იზოლირებული”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყარომ.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button