მნიშვნელოვანისიახლეები

მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მინისტრებთან შეხვედრაზე მსხვილმა იმპორტიორებმა თქვეს, რომ საწვავზე ფასს დააკლებენ. მისივე განცხადებით, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, რეგულაციები ამოქმედდეს.
აქაც გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მათგან მივიღეთ პირობა, რომ ფასების კლება დაიწყებს. რეალურად, უკვე დაწყებულია ფასების კლება, 2.40-ზეა უკვე ჩამოსული თუ არ ვცდები ევრორეგულარის ფასები, ბენზინის ფასი და შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავის ფასს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პირველ რიგში ხალხს დაეხმარება და ინფლაციის დონესაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.

“ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს ხალხს დაეხმარება, ჩვენს ხალხზე აისახება და ინფლაციასაც წაადგება რა თქმა უნდა, ინფლაციის დონეს შეამცირებს მნიშვნელოვნად.

ფასები არის ძალიან შემცირებული ნავთობზე, ის ნავთობი რომელიც შემოაქვთ იმპორტიორებს, საკმაოდ შემცირებულია. რა თქმა უნდა მათი არგუმენტები ჩვენ მოვისმინეთ, საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები. მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა მთავრობას აქვს ნებისმიერ დროს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია ჩვენ დავკეტოთ მაგალითად, ისე როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგო კრიზისი არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოში და ევროპაში და ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. „დაკეტვით“, ანუ ზედა ზღვარი განსაზღვრეს, “ჭერი” განსაზღვრეს.

ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს და ვეფუძნებით იმ საუბარს, რომელიც გაიმართა. ოპტიმისტური განწყობით დავშორდით და იმედი გავქვს, რომ ძალიან მალე კიდევ გაგრძელდება აქტიურად თვის ბოლომდე საწვავზე ფასების კლება,” – აღნიშნა პრემიერმა.

ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მთავრობას საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა და საწვავის ფასის კლების ტენდენცია თვის ბოლომდე გაგრძელდება.

„დიალოგი როგორც საწვავის იმპორტიორებთან, ისე სურსათის იმპორტიორებთანაც გვქონდა. საწვავთან დაკავშირებით ბაზარზე კლების ტენდენცია უკვე დავინახეთ. „რეგულარის“ ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში უკვე 2 ლარი და 39 თეთრია. ასევე, როგორც იცით, კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიები გააჩნიათ, რაც დაახლოებით 15 თეთრამდე დამატებით შეღავათს გულისხმობს. პროპორციულად „პრემიუმისა“ და სხვა კატეგორიის საწვავის ფასიც იკლებს. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. თვის ბოლომდე, საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია იარსებებს. საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა. მარჟები და ტენდენციები გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, რომ ყველაზე მოთხოვნად საწვავის კატეგორიებზე, როგორებიცაა „ევრო-რეგულარი“ და „რეგულარი“, საწვავის მარჟები ლოგიკური იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, საწვავის ფასი საერთაშორისო ტენდენციებზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ის 2 ლარს მიუახლოვდება.

„თქვენ იცით, რომ ბევრი რამ საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ხოლო მათი განჭვრეტა საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოლოდინია, რომ ფასი 2 ლარს მიუახლოვდება. კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ეს ასევე ძველ და ძვირ ნაშთებთანაც არის დაკავშირებული, ამიტომ ფასები მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეიცვლება. ის შეთანხმება, რომელიც კომპანიებსა და მთავრობას შორის არსებობს, გონივრულ მარჟას გულისხმობს და არა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button