“მიმდინარეობს [ლავასოღლის] საექსტრადიციო პროცედურები”
პროკურატურაში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის დამ, ირინა გორაძემ და მისმა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ჩილინგარაშვილთან, ლავასოღლის ექსტრადაციასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ლავასოღლის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ.
“მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
„ჩემი მოთხოვნა ექსტრადირებაა და როგორ გადაწყდება ვნახავ. იქიდან უკვე გარკვეული გამოვალ, რატომ არ ხდება, მიზეზი რა არის. მოთხოვნა არის ერთი, რომ გაკეთდეს ექსტრადირება. არც კანონის მეშინია, არც სასჯელის და არაფრის არ მეშინია.” – განაცხადა ირინა გორაძემ პროკურატურაში შესვლამდე.
უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძეც, დღეს პროკურატურისგან კონკრეტულ შედეგს ელოდებოდა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, კონკრეტული პასუხი ვიცოდეთ, თუ როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია. იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი იქნება ღია: ან მალე მოხდება, ან მაშინ უნდა გვითხრან, თუ არ მოხდება, მესამე ქვეყანაში მოხდება მისი გაშვება. წელიწადი და ათი თვე ოჯახი ითხოვს კონკრეტულ პასუხს და იმედია, შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდება.” – განაცხადა კობაიძემ.
გორაძე თურქეთში დააკავეს, საპყრობილეშიც იქ ზის და მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით, უკვე კვირაზე მეტია, მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ.
აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.