მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა

პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობის ახალი წევრები საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა.

პარლამენტიდან სამთავრობო გუნდში ბრუნდება კახა კალაძე, კვლავ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე. კალაძე, ასევე დაიკავებს ვიცე პრემიერის თანამდებობას, ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ აგრძელებს მუშაობას.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია გახდა, ვიცე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანასთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, რომელიც ნოდარ ხადურს ჩაანაცვლებს.
ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. მას ზურაბ ალავიძე შეცვლის, რომელიც გარკვეული პერიოდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დავით ბაქრაძე შეცვალა. ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც ცნობილია, დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა, დიასპორის მინისტრის ფუნქციებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეასრულებს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 19 მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას საკომიტეტო, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენს.

ცვლილებები არ შეხებია ძალოვან სტრუქტურებს. რიგგარეშე სესია, სადაც ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, შაბათს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button