მსოფლიოპოლიტიკასიახლეები

მინსკში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

2 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 1000-ზე მეტი მომიტინგე კვლავ გამოვიდა ალექსანდერ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით.

მომიტინგეებს შორის ბევრი პენსიონერი იყო. მათ ხელში ეკავათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშები, რაც ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლო გახდა.

“ლუკაშენკო! სასამართლო!”; “გამარჯვებამდე, ბოლომდე!” – გაიძახოდნენ მსვლელობის მონაწილეები.

პირველი ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც მინსკში აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს, 2 ნოემბრის აქციაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პირველ ნოემბერს სამართალდამცავებმა ათასობით მომიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები, რეზინის ტყვიები. დააკავეს, დაახლოებით, 300 ადამიანი. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულებს შორის 4 ჟურნალისტია, მათგან 2 სასტიკად სცემეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ “სახალხო ულტიმატუმი” არ შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button