მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მირზა სუბელიანმა თანამდებობა დატოვა

თბილისში, 51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამამ, მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა.

სუბელიანის თქმით, შვილთან ერთად, რომელიც მისივე თქმით, მომხდარ უბედურებას შეესწრო, პირველ დეკემბერსვე გამოცხადა პოლიციის სამმართველოში.

მირზა სუბელიანი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს.

გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც შოკში ჩაგვაგდო.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“,- აცხადებს მირზა სუბელიანი.

მთელი დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მირზა სუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, წარსულში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ნათესავები არიან.

2013 წელს,  გადაცემა “პრეს-პრესში” სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის მაშინდელი უფროს მირზა სუბელიანთან ნათესაობა უარყო.

“მირზა სუბელიანი არ არის არც ჩემი ბიძაშვილი, არც ნათესავი. სუბარი არის სხვა გვარი, ეს არ არის ჩემი ფსევდონიმი, ეს არის ჩემი უძველესი გვარი, რომელიც დავიბრუნე. სვანეთში არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბელიანები და არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბარები. თუ ვინმეს უნდა რომ ასე იყოს, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და დეიდაშვილი ერთად იქნება,” _ განაცხადა სუბარმა.

“გურიანიუსი” გასულ წლებში წერდა რომ პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნა-შევიწროებით ცნობილი პროკურორი მირზა სუბელიანი სწორედ სოზარ სუბარის დამსახურებით მოხვდა სამინისტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button