მნიშვნელოვანირეგიონი

31 წლის თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდებულმა ელდარ საბაშვილმა დანაშაული აღიარა.

მან 31 წლის თანასოფლელის მკვლელობა მოინანია, თუმცა რა გახდა დანაშაულის მიზეზი, არ დაუკონკრეტებია.

საბაშვილის ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად გაითვალისწინა.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაც.

მკვლელობა სოფელ მანავში 31 დეკემბერს მოხდა. მამაკაცმა მასთან სტუმრად მისულ ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ დიდი ხნის განმავლობაში არსებული კონფლიქტი უძღოდა, რაც გარდაცვლილის მხრიდან ბრალდებულისათვის ფულის მასიურად გამოძალვის გამო წარმოიშვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button