მნიშვნელოვანისიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ შიმშლობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ შიმშლობა შეწყვიტა. ანა წითლიძემ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, თავიდანვე არ ჰქონდა მოლოდინი, რომ “ჰუმანიზმისგან დაცლილი” ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მის მოთხოვნებს შეასრულებდა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა მადლობა გითხრათ ექიმებს. რომ არა ისინი, აქ ჯდომას და საუბარს ვერ შევძლებდი. მადლობა პარლამენტის აპარატს, ასევე, ჩემს მეგობრებს.

მე პირველივე დღიდან არ მქონდა განცდა, რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილსა და ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს საზოგადოება. მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან, მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი: ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნავს ანა წითლიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა და მას კიდევ ერთხელ მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

„მოვინახულე ანა წითლიძე. ვესაუბრე, კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ის უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეიძლება, შეუქცევადად დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა. ექიმებსაც ვესაუბრე და ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იფიქროს საკუთარი ჯანმრთელობის უვნებლობაზე, ვინაიდან საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა მოხდეს, არის ის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდეს.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის სასამართლო პროცესი, ჩართული არიან ადვოკატები. ვნახეთ, იყო პროცესი, სადაც ინტენსიურად გამოიკითხნენ ექსპერტები. 29-შია შემდეგი პროცესი ჩანიშნული. ამიტომ ეს საკითხი არის სრულად სასამართლოს გადასაწყვეტი. შიმშილობით, მოთხოვნით ასეთი საკითხები არ წყდება. ერთადერთი, რაც შეუძლია, შიმშილობამ გამოიწვიოს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. სხვა დეპუტატებმა, რომლებმაც შეწყვიტეს შიმშილობა, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეუქცევადად არ დაეზიანებინათ საკუთარი ჯანმრთელობა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თანაგუნდელებმაც მას აქეთკენ მოუწოდონ და სთხოვონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ანი წითლიძე მე-12 დღეა შიმშილობს. მან ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება

მსგავსი პოსტები

Back to top button