მიწისძვრიდან ერთი კვირის თავზე ნანგრევებიდან ამოტანილია 36 ათასზე მეტი ადამიანის გვამები
თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მინიმუმ 36 217 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მაშველები კვლავ პოულობენ ცოცხლად გადარჩენილებს, თუმცა ამგვარი ცნობები სულ უფრო იკლებს.
მიწისძვრით დანგრეული სახლების გამო სიკვდილიანობის შემსწავლელი ექსპერტების თქმით, ნანგრევებში გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება
ტელეკომპანიის ცნობით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია.
ამასთან, სტიქიას სირიაში 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ვითარებას ართულებს ცივი ამინდი და შენობების არასწორი კონსტრუქციები, რის გამოც სახლები პატარა ნაწილებად დაინგრა, რამაც პრაქტიკულად არ დატოვა სივრცეები გადარჩენისთვის. თურქეთში ამგვარი ნაგებობების აშენების გამო უკვე სულ მცირე 131 ადამიანზეა აღძრული გამოძიება.
გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.
ბოლო დღეებში, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგოც, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია.
ასევე 178-საათიანი ძებნის შემდეგ თურქეთში ბავშვი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტის გრიფიტსი ამბობს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, სულ მცირე ორჯერ გაიზარდეს და 50 000-ს მიაღწიოს.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.