მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ოფიცრის, ადელჰაიდ მარშანგის განცხადებით, მიწისძვრისა და მისი შემდგომი ბიძგების შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი, დაზარალდა.

მისი თქმით, თურქეთს აქვს ძლიერი შესაძლებლობები, კრიზისზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ მთავარი დაუკმაყოფილებელი საჭიროებები ახლავე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაჩნდება სირიის საზღვარზე, რომელიც უკვე ებრძვის მრავალწლიან ჰუმანიტარულ კრიზისს სამოქალაქო ომისა და ქოლერის ეპიდემიის გამო.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტიქიისგან დაზარალებულ ქვეყნებში გადაუდებელი დახმარების, მათ შორის, ტრავმისა და გადაუდებელი ქირურგიისთვის საჭირო კომპლექტებს აგზავნიან და სასწრაფო სამედიცინო გუნდების ქსელს ააქტიურებენ.

4800-ამდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სირიასა და თურქეთში. მხოლოდ თურქეთში სტიქიამ 3400-ამდე ადამიანი იმსხვერპლა.

სამაშველო ოპერაციები ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში უწყვეტად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი.

გუშინ მომხდარ მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოყვა. კვლავ მოსალოდნელია 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას საგრძნობლად ართულებს განადგურებული შენობების რაოდენობა და ამინდი.

ძლიერმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი თურქეთში მდებარეობდა, სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქები განსაკუთრებით დააზარალა. უმეტესი ზიანი ალეპოს, ჰამას, ლატაკიას და ტარტუსს მიადგა.
როგორც CNN-ი წერს, რეგიონში ისედაც ცდილობდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც სამოქალაქო ომის დროს საჰაერო დაბომბვისას დაინგრა. გაეროს მონაცემებით, 2011 წლიდან სირიის ომს 300 ათასზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ეს არის კრიზისი კრიზისის პერიოდში,” – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა სირიაში, ელ-მოსტაფა ბენლამჰილმა.
“ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია… ის ქალაქები მთლიანად ცარიელია, ხალხი შეშინებულია, არ სურთ სახლებში დაბრუნება, თუკი შეგვიძლია შენობებს კვლავ “სახლები” ვუწოდოთ, მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა,” – აღნიშნა მან.
მიწისძვრამ სირიასა და თურქეთში 5000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, აქედან 1600 – სირიაში დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button