მნიშვნელოვანირეპორტაჟისაქართველოსიახლეები

მიწისზედა მეტროს მითი და მიწისქვეშა მეტროს კოშმარი

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

„საშინელება იყო. აი, ვერ აგიღწერთ, რა იყო. უბრალოდ, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.“

2018 წლის 30 იანვარს გიორგი საკარული ვარკეთილის მეტროსადგურში იმყოფებოდა და მატარებელს ელოდებოდა. სწორედ მაშინ მოხდა ის უბედური შემთხვევა, – მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ჭერი ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ადამიანები მოყვნენ. საკარული მაშინ სასწაულებრივად გადარჩა. მომხდარის გახსენება დღესაც უჭირს.

გიორგი საკარული:

„მახსოვს, პირველ ვაგონში შევედი და უცებ, ხალხის ყვირილმა გამახედა მარცხენა მხარეს, საიდანაც დაიძრა ჭერი დომინოს პრინციპით. მთლიანი ჭერი ჩამოწვა და მე მეგონა, რომ უბრალოდ, ჭერი კი არ ვარდებოდა, მიწა იშლებოდა. ჩემთან ერთად გოგო გამორბოდა, ერთმანეთს ავებლანდეთ და გადაგვიარა მთლიანმა ჭერმა და მერე გამოგვათრიეს აი, ამ ჭერიდან და ამასობაში, მაშველებიც ჩამოვიდნენ.“

მას შემდეგ, უკვე 6 წელი გავიდა და ვარკეთილის მეტრო ისევ საშინელებათა ფილმის სცენას მოგაგონებთ; ან – „ჰამასის“ ტერორისტების გვირაბებს ღაზის სექტორში. ჭერის ჩამონგრევიდან ოთხი წლის შემდეგ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი გადაწყვიტა, 13 მილიონ ლარამდე გამოყო და ეს საქმე შპს “სამშენებლო კომპანია „მამისონს” ანდო. ეს ის კომპანიაა, მეტრო “გოცირიძის” რეკონსტრუქციას რომ ატარებდა და ნაკისრი ვალდებულება რომ ვერ შეასრულა. “მამისონმა” საქმე დროულად ვერც ამჯერად დაამთავრა, რის გამოც, ხელშეკრულება შეუწყვიტეს და “შავ სიაში” შეიყვანეს. ახლა ვარკეთილის მეტრო შპს „ბადა ქონსტრაქშენის“ იმედადაა. მათ 13 მილიონ ლარად, 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დაესრულებინათ სადგურის რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი, თუმცა პროცესი ისევ ჭიანურდება და დროში იწელება. კომპანია “ოცნების” შემწირველ ბაჩანა ადამიას ეკუთვნის. მან პარტიას 2014 წელს 60 ათასი ლარი ჩაურიცხა. რადიო „თბილისთან“ საუბარში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში ირაკლი ნადირაძე, სავარაუდო კორუფციულ სქემაზე მიუთითებს.

ირაკლი ნადირაძე:

„პასუხისმგებლობის საკითხი მერიის არცერთი მაღალჩინოსნის, პრაქტიკულად, არ დამდგარა; არც კომპანიის რომელიმე თანამშრომლის, შეიძლება ითქვას. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მფარველები ამ ადამიანებს ჰყავდათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში. მერიასა და კომპანიას შორის, ასევე დგას სატრანსპორტო კომპანია; ასევე უნდა იდგეს ექსპერტიზის ბიუროები; მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც მილიონობით ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან…“

კიდევ ერთი “აქილევსის ქუსლი” “ავლაბრის” მეტროსადგურის რეაბილიტაციაა. პროექტი მუშაობის დაწყების შემდეგ დაკორექტირდა. ამის გამო, საქმე გაჭიანურდა და სამუშაოების დასრულება გადაიდო. აქაც შპს “ბადა ქონსტრაქშენი” მუშაობს.

თბილისის მეტროს არც მგზავრთა ნაკადი აკლია და არც პრობლემები. სადგურებსა და ვაგონებში ხან წყალი ჩადის, ხან ჭერი ინგრევა, ხან კი, რეაბილიტაციის დროულად  დამთავრებას ვერ ახერხებენ და ტრანსპორტი წლობით ფერხდება. ცალკე თავის ტკივილია სივიწროვე ვაგონებში, ესკალატორებსა და ხაზებს შორის გადასასვლელზე.

მგზავრები:

„პიკის საათის დროს, პრობლემას ქმნის „ტურნიკების“ სიმცირე. დროულად ვერ გადიხარ და აქაც ერთგვარი საცობი იქმნება. შემდგომ უკვე ჩადიხარ მეტროში და მგზავრებს გვიწევს, დაახლოებით, 5-7 წუთი ლოდინი. იმიტომ, რომ არ არის ვაგონების საკმარისი რაოდენობა. ყოველივე ამ პრობლემას ემატება ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა.“

„მეტრო ვერ უმკლავდება ხალხის ნაკადს და შესაბამისად, გადაადგილებაც ფერხდება. ასევე, არის ერთი სამწუხარო საკითხი, რასაც მინდა შევეხო. მეტროს სადგურებში სრულიად არ არის შშმ პირებისთვის გადაადგილება ადაპტირებული და პირველ რიგში, ვფიქრობ, ამ საკითხს უნდა მიეხედოს.“

„არის გაჩერებები, სადაც არ არის ნორმალური პირობები, არის სუნი. შეიმჩნევა, რომ გაურემონტებელია, მოუვლელია. და ასევე, არის გადატვირთული, გადაჭედილი. შიგნით შედიხარ და კომფორტულად ვერ გრძნობ თავს.“

„პირველი, გადატვირთული ესკალატორი და ვაგონი მახსენდება, რის გამოსწორებაც, ვფიქრობ, შესაძლებელია როგორც ბარათის გასატარებელი სენსორების დამატებით, ისე ვაგონების რაოდენობის გაზრდით. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის ინფრასტრუქტურა. თბილისი არ არის შშმ პირთათვის მეგობრული ქალაქი და რა თქმა უნდა, მეტროც არ არის გამონაკლისი. არ გვაქვს პანდუსები, ლიფტები, აუდიო ან ვიზუალური ინფორმაციის მიწოდების სისტემები. მესამე საკითხი ეხება ვენტილაციას, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში. და კარგი იქნება, თუ მეტად გამართული იქნება.“

“თბილისის მეტროს მოდერნიზაციის” პროექტი რომ სკეპტიკურ განწყობას იწვევს, გასაკვირი არ უნდა იყოს იმ ფონზე, რომ სადგურების რეაბილიტაციისას, თბილისის მერია თანმიმდევრულობით და ოპერატიულობით არ გამოირჩევა. მაგალითად, მეტროსადგური “გოცირიძე” დათქმულ დროზე ორი წლის დაგვიანებით გაიხსნა. ამასთან, სხვა დაპირებული პროექტებიც, მათ შორის, თუნდაც, მიწისზედა მეტროს ხაზი ჯერ არავის უნახავს.

ირაკლი ნადირაძე:

„ზემო სამგორის მეტროდან, ლილო-ორხევი-აეროპორტის მიმართულებით, სადაც რუსთავამდე ჩასვლამდეც კი იყო საუბარი, უნდა ყოფილიყო მიწისზედა მეტრო. პრაქტიკულად, ასობით ათასი ლარი გადაიხადა თბილისის მერიამ, რომ კვლევები ჩაეტარებინა ამ მიმართულებით და ბოლოს გვითხრეს, რომ არ არის რენტაბელური. და ასევე, საუბარი უნდა იყოს დიდუბე-დიდი დიღომი-ზაჰესის მიმართულება. ალბათ, ნება და სურვილიც არ არის და მეორე, ალბათ, შესაბამის რესურსებსაც ვეღარ იძიებენ უკვე ფონდებიდან.“

კახა კალაძე

„[მეტრო] ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებული უნდა იყოს.“ – ეს სიტყვები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2017 წლის ნოემბერში, მეტროთი მგზავრობისას თქვა.  მაშინ კალაძემ მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ „გურამიშვილამდე“ იმგზავრა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პირობა დადო, რომ მეტროთი სულ იმგზავრებდა. თუმცა ამის შემდეგ, მერი მეტროთში არავის უნახავს.

კახა კალაძე:

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი, მისი მოწესრიგება… რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მგზავრობს როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. და მისი განახლება, თანამედროვეობაში მოყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვისაც და თბილისის მოსახლეობისთვისაც… რა თქმა უნდა, ჩვენ სისტემატიურად, გვექნება იმის შესაძლებლობა, [რომ] თქვენთან ერთადაც, ისეც, ვიმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.“

უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, თბილისის 12 მეტროსადგურის შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის, 51 მილიონი ევრო გამოყო. ამჟამად, პიკის საათებში, გადასასვლელებზე მგზავრების ნაკადს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები არეგულირებენ. ისინი აკვირდებიან, რომ მგზავრებმა, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button