,,მიუხედავად იმ ტრაგედიისა რუსეთისა და უკრაინის შერიგება გარდაუვალია,,-პუტინი
რუსეთი არ აპირებდა ომის დაწყებას. მისივე თქმით, რუსეთი გულწრფელად ცდილობდა, მშვიდობიანად მოეგვარებინა ოკუპირებული დონბასის საკითხი.

რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი გაპრეზიდენტების 25 წლისთავთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში აცხადებს. ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტ პაველ ზარუბიანს მისცა. კადრები ტელეარხ “როსიას” ახალ ფილმში “რუსეთი. კრემლი. პუტინი. 25 წელი” მოხვდა.
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მოსკოვს საკმარისი ძალები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
“რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია.
„მათ სურდათ ჩვენი პროვოცირება, როგორც თქვენ თვითონ თქვით, მათ სურდათ, რომ ჩვენ შეცდომები დაგვეშვა. არ იყო საჭირო იმ იარაღის გამოყენება, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ საჭირო არც იქნება. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და საშუალებები, რომ 2022 წელს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, – ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინაში ბირთვული ესკალაციის საფრთხე.
ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთი არ აპირებდა ომის დაწყებას. მისივე თქმით, რუსეთი გულწრფელად ცდილობდა, მშვიდობიანად მოეგვარებინა ოკუპირებული დონბასის საკითხი.
„ჩვენ არ შეგვეძლო, არ დაგვეჯერებინა და არ შეგვეძლო რაიმე მკვეთრ მოქმედებებზე გადასვლა, შესაბამისი სამუშაოების ჩატარების გარეშე უსაფრთხოების სფეროში, შეიარაღებული ძალების სფეროში და ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში. მაგრამ ჩვენ სპეციალურად არ ვემზადებოდით ამისთვის. ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დონბასის პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტას. აღმოჩნდა, რომ მეორე მხარე ფიქრობდა და მოქმედებდა სხვაგვარად“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.