,,მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ძალიან ბევრი კარგი გზავნილები ისმოდა, ასევე იყო ისეთი ცრუ ბრალდება და ყალბი ინფორმაცია,,-ოცნება
ამ მოწვევის ევროპარლამენტში აშკარად არის ბევრი ისეთი ევროპარლამენტარი, რომელიც ევროპულმა საზოგადოებამ აირჩია და მხარს უჭერს სიმართლეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ის ხალხი ხედავს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა ეროვნული დროშის ქვეშ ტრადიციების მიმართულება და სუვერენიტეტის დაცვა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ამერიკელი ხალხის მსგავსად, ევროპულმა საზოგადოებამ ევროპარლამენტის არჩევნებშიც უმეტესად აირჩია ის ევროპარლამენტარები, რომლებიც პროცესებს სწორად აფასებენ.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ახლა ვინმე თუ იზოლაციაში მოექცა, ეს არის სწორედ ევროკავშირის თანამდებობის პირთა უდიდესი ნაწილი.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან. შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ მართლები ვიყავით, თუნდაც იმის გამო, რომ ევროპარლამენტარებს დააპატიმრებდნენ ხოლმე კორუფციის გამო. ეს კორუფცია გამოიხატებოდა სწორედ იმაში, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ძალა ურიცხავდა თანხებს, რათა სხვადასხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ, უსამართლო განცხადებები გაეკეთებინათ. ახლაც იგივე გრძელდება, მართალია, უკვე იმდენი ძალა აღარ აქვთ და შეიძლება ითქვას, ძალა საერთოდაც აღარ აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო საცეცებს ჯერ კიდევ ამუშავებენ, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. ყველა კარგად ვხედავთ, რომ, ევროპული ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა. კვირაში ერთხელ მაინც ქვეყნდება საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება. აღარაფერს ვამბობ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზებზე. ევროპარლამენტარებს, გარდა იმისა, რომ ფულს აძლევენ ან ზეწოლას ახორციელებენ, სხვა მიზანი არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, საქართველოში ნამყოფი არც იყოს. ევროპარლამენტში ვინც გამოდის, შეიძლება დაიბნეს და მსოფლიო რუკაზე საქართველო ვერც იპოვოს. „დიფ სთეითის“, რომელსაც ტრამპი ამერიკაში ამთავრებს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებით, საცეცები ჯერ კიდევ არსებობს, რაც ძალიან მალე შემცირდება.
ევროპარლამენტის ამ მოწვევაში აშკარად არის ძალიან ბევრი ისეთი ევროპარლამენტარი, რომელიც ევროპულმა საზოგადოებამ აირჩია და მხარს უჭერს სიმართლეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ის ხალხი ხედავს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა ეროვნული დროშის ქვეშ ტრადიციების მიმართულება და სუვერენიტეტის დაცვა. ევროპარლამენტის ამ მოწვევაში აშკარად მეტია ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებს სწორ და სამართლიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და ესეც ზუსტად მიუთითებს, რომ, ამერიკელი ხალხის მსგავსად, ევროპულმა საზოგადოებამ ევროპარლამენტის არჩევნებშიც ისეთი ხალხი შეუშვა უმეტესად, რომელიც პროცესებს სწორად აფასებს. ახლა ვინმე თუ იზოლაციაში მოექცა, სამწუხაროდ, ეს სწორედ ევროკავშირი და მისი თანამდებობის პირების უდიდესი ნაწილია. იზოლაციაში მოექცა სწორედ იმიტომ, რომ, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებით, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დგას მშვიდობის მხარეს, მაშინ როდესაც ევროკავშირი და მისი თანამდებობის პირების უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ომს უკრაინაში. ამავდროულად, ევროპარლამენტართა განცხადება, რომლებიც ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, რაზეც უკვე თავად სააკაშვილის მომხრეებსაც აღარ აქვთ პრეტენზია, ზუსტად ნიშნავს, რომ უკვე სხვა დღის წესრიგი აღარ აქვს ამ ევროპარლამენტარს და ფული აქვს აღებული. შესაბამისად, იძულებულია, ასეთი განცხადებები გააკეთოს. ამის დრო წავიდა. ენას ძვალი არ აქვს და ამ ხალხს, როგორც ჩანს, ფული უყვარს. ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ უსამართლო განცხადებას აკეთებენ, არ არიან პროევროპელები, უბრალოდ ფული უყვართ, ფულს აძლევენ, არის ზეწოლა და აკეთებენ ასეთ ანტიქართულ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტში გუშინდელ დებატებს ალბათ მოჰყვება რეზოლუცია, რომელიც იქნება სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ამასთან, ბოჟაძის თქმით, გუშინ გაკეთდა სამართლიანი და მხარდამჭერი განცხადებებიც არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს მიმართ.
„ევროპარლამენტში ეს არ იყო პირველი დებატები ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში, სადაც ჩვენი ხელისუფლების მიმართ სრულიად უსამართლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა და დაუზუსტებელი ფაქტები ისმოდა. იცით სრულიად უსამართლო ხუთი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლენტმა მიიღო უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, სადაც კეზერაშვილი მედიამენეჯერად ჰყავდათ მოხსენიებული, სააკაშვილი – ქვეყნის აღმშენებლად და ის უნდა გაგვეთავისუფლებინა, დაგვესანქცირებინა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა ერთადერთი მიზნით, რომ გატარებულოყო მათი ინტერესები და არა სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები. ალბათ ამ დებატებს მოჰყვება რეზოლუცია, რომელიც ასევე იქნება სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, უსამართლო და მისი ფასიც, ისევე როგორც წინა რეზოლუციის, იქნება იმ ფურცელზე უფრო ნაკლები, რაზეც ის რეზოლუცია იქნება დაბეჭდილი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
მისივე განცხადებით, კარგია, რომ ევროპარლამენტში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხედავენ, რა დამოკიდებულება აქვს ბრიუსელს და უნდა, რომ ჰქონდეს კანდიდატ სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით.
„ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, სამართლიანი და მხარდამჭერი განცხადებები არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს მიმართ. კარგია, რომ ევროპარლამენტში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხედავენ, რა დამოკიდებულება აქვს ბრიუსელს და უნდა, რომ ჰქონდეს კანდიდატ სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნისადმი. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ იქნება არავის კოლონია. ეს დრო 90-იან წლებში დავასრულეთ. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი თანამემამულეები 9 აპრილს, ვიბრძოლეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვყოფილიყავით, არასდროს არავის ჭკუაზე არ უნდა გაიაროს არცერთმა მთავრობამ და სახელმწიფომ. გავიაროთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფო ინტერესების ჭკუაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
კითხვაზე, – „არის თუ არა ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა?“ – ბოჟაძემ აღნიშნა: „არა მხოლოდ დებატები, არამედ მათი საქართველოში ჩამოსვლა, განცხადებები და ოპოზიციის მიტინგზე მისვლა“.
„ქალბატონი რასაც თუ უფრო დიდი ხანი დარჩება საქართველოში შემდეგ ვიზიტზე, რუსთაველზე ან სხვა ქუჩებზე გაივლის და ხალხს ჰკითხავს, რას ფიქრობენ თავად ქალბატონ რასაზე, ჩვენი ქვეყანისადმი მის დამოკიდებულებაზე, რას ფიქრობენ იმ პოლიტიკურ ძალასა და ძალებზე, ვისაც ისინი ასე თავგადაკლულები უჭერენ მხარს, იმედია, სხვა წარმოდგენები ექნებათ. თუმცა, ვიცით, რომ ქალბატონ რასას საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ისიც იმ გეგმის ნაწილია, რომლის ამოცანაც არის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება – რადგან ეს არჩევნების გზით არ მოხდა, ახლა ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით „მაიდნის“ თუ სხვა სცენარებით. ქალბატონ რასას შევახსენებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკვე თეთრ სახლშია და როგორც ჩანს, მალე გააგებინებენ მასაც, რა დამოკიდებულება და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანასა და სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ევროპარლამენტის გუშინდელ დებატებში მოვისმინეთ ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი და დადებითი გზავნილები ისმოდა, საერთო ჯამში, ისევ იყო ისეთი ცრუ ბრალდება და ყალბი ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ ისმოდა ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან.
„ვინმეს თუ რეალურად აქვს სურვილი, საქმეში გაერკვეს და სწორი წარმოდგენა ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეუძლია, ჩახედოს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს და ნახოს, რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს, სად არის საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს, სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში დებატებზე ხშირად წარმოსახვითი საქართველოა წარმოდგენილი, ხოლო რეალური საქართველო სხვაა.
„რეალური საქართველო არის ის, რაც აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ანგარიშში. სურვილი თუ აქვთ, მაზოხისტურ რეჟიმში გააგრძელონ ერთი და იმავე ცრუ ბრალდებების გავრცელება, გააგრძელონ. საუბარი არ მაქვს ზოგადად ევროპარლამენტზე, საუბარი გვაქვს ცალკეული ევროპარლამენტარების მოკლევადიან პოლიტიკურ ამბიციებზე, რომლებიც ეფარებიან ხან ევროპარლამენტის ინსტიტუტს, ხან სხვას და ცდილობენ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭებას. გრძელვადიან პერიოდში ჩვენ სხვა სურვილი გვაქვს, გრძელი სტრატეგიით და გრძელი ხედვით ვუყურებთ ამ პროცესს. ერთადერთი სურვილი გვაქვს, ევროკავშირთან და, მათ შორის, ევროპარლამენტთან, ურთიერთობები ნორმალური და ცივილურ ჩარჩოში იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიდან ისმოდა ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში.
„ნეტარ არიან მორწმუნენი, შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ. უგულებელყონ დემოკრატიული ვერდიქტი, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიტანა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გამო ქვეყნის არევ-დარევას. ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიდან რაც მოვისმინეთ, იყო ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ტელევიზორიდან ვხედავდით გამოსვლებს და მოწოდებებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წინ, სწორედ ეს მოვისმინეთ გუშინდელი დებატებიდან, რომ ისინი აღიარებენ, რომ იყვნენ აქ, ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესებში და შიდაპოლიტიკურ პროცესებში. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის სწორი და კანონიერი. მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, არაერთი უხეში ტყუილი და დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ვნახეთ, სადაც მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი, მარტივად შემიძლია ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. თუ მკითხავთ, ვის უნდა დაუჯერონ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ ზოგიერთ მოკლევადიანი პოლიტიკური ამბიციების მქონე ევროპარლამენტარს, ცხადია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ და ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლებები, არის დაცული და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე მიზეზით პატიმრობიდან იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.