მნიშვნელოვანისიახლეები

მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხო პირებმა კვერცხები, 18 თებერვალს მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე ჯერ სალომე ზურაბიშვილთან მიდის და მას მოღალატეს უწოდებს, შემდეგ კი მე-5 პრეზიდენტის მისამართით კვერცხებს ისვრიან.

„ქეში მოგაქვთ თუ გერიცხებათ?“ – მიმართა ერთ-ერთმა პირმა სალომე ზურაბიშვილს.

კადრებში ჩანს, რომ მე-5 პრეზიდენტს რამდენიმე ნასროლი კვერცხი ხვდება.

ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა პროსახელისუფლებო ტელეარხ „პოსტივის“ თანამშრომელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც წინა დღეს ზურაბიშვილს საჯაროდ დაუწერა: „რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.

კადრებში ისმის, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხყოფას აყენებენ: „ენჯეოების მონა ხართ“, „აგენტი ხართ“, „გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა?“, „ქეში არ მოგაქვთ ხოლმე?“

თავდაპირველად, აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე მას, სულ მცირე, ორი ქალი მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გარე პერიმეტრზე გასვლის შემდეგ კი საქმეში კაცები ერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილს მანქანაში ჩაჯდომამდე რამდენიმე წამით ადრე ესვრიან კვერცხებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ. რამდენიმე კვერცხი მისი პირადი დაცვის წევრებს მოხვდათ.

ცნობისთვის, გუშინ, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც დახვდნენ და მასაც კვერცხები ესროლეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“, რომელიც მათ ადგილზე „ქართულმა ოცნებამ“ დაახვედრა.

2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა, – რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი, საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და დასავლელი მოკავშირეების ნაწილის მსგავსად, არ ცნობს, – ხელი მოაწერა ცვლილებებს სახელმწიფო დაცვის კანონში. ამ ცვლილებების საფუძველზე სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს.

„რა უკვირს?“ – „ოცნება“
მოგვიანებით, 18 თებერვლის დილასვე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ზურაბიშვილს უწოდა „პოლიტიკურად ნული“, რომელიც „აგრძელებს სამშობლოს ღალატს“, და მისთვის „გასაგებია“ სალომე ზურაბიშვილისთვის საზოგადოებისგან „პასუხის გაცემა“:

„დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა. საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია. ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია“, – თქვა მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: „მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს“.

„არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?!“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ 17 თებერვალსვე, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა:

„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.

გახარიას ეპიზოდი
წინა დღეს, 17 თებერვალს, აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები.

ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.

„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.

გახარიას პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ბექა ლილუაშვილმა, თქვეს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული. პარტიაში ამბობენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციამ უმოქმედობით ამ პროცესს ხელი შეუწყო.
ინციდენტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც, რომელმაც 18 თებერვალს „მიუღებელი“ უწოდა კვერცხების სროლას. საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა:

„აბსოლუტურად მიუღებელი არის კვერცხების სროლა და სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხყოფა. მნიშვნელოვანია რომ ყველა ფაქტზე, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნები, იქნას რეაგირებული და ადამიანებმა , რომლებიც ამაში არიან ჩართულები კანონის წინაშე აგონ პასუხი“.

შენიშვნა: ინფორმაცია დაზუსტებული ცნობებით, ვიდეოკადრების აღწერითა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებით განახლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button