მნიშვნელოვანისიახლეები

მხოლოდ 67 წამი-„აგენტების“ კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის ეზოში სახანძრო მანქანა დააყენეს რათა კამერებს ,,ოცნების,, დეპუტატების გადაადგილება ვერ დაეფიქსირებინათ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:14-ზე დაიხურა. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს. სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ.
“წარმოდგენილია ტექსტი, გარკვეული რედაქტირებებით, რედაქციულად, მხოლოდ გრამატიკულად, დარიგებულია… შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. დავაყენოთ საკითხი მაშინ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე მხარი დავუჭიროთ წარმოდგენილ ტექსტს, დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტი დასრულებულია”, – თქვა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა.
აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით წუთნახევარში დასრულდა.
სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრეს.

იმ პერიოდში სანამ უმრავლესობის დეპუტატები კომიტეტის დარბაზში იკრიბჯებოდნენ, ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.
ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ.

მოგვიანებით, შიდა ეზოში, შესასვლელ კარებთან სახანძრო მანქანა დააყენეს, რათა კამერებს მმართველი გუნდის გადაადგილება ვერ დაეფიქსირებინათ.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.
ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა. უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ “მონებს” და “რუსებს” ეძახდნენ.

მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს კენჭი უყარეს და მიიღეს. კომიტეტის სხდომა 67 წამს გაგრძელდა.

„ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე კომიტეტის სხდომას ასე გამოეხმაურა: „ჯერ გარეთ შეგვაყოვნა პოლიციამ. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა… ეს არის არალეგიტიმური სხდომა“.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შევიდნენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მოქალაქეები პარლამენტთან „აგენტების კანონს“ 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებენ აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
შეგახსენებთ “ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილების ფონეზე შევიდნენ, გარეთ შეკრებილი მოქალაქეები მათ უყვიროდნენ “მონებო, რუსები”. მოგვიანებით მედიას რომ მათი შესვლა არ გადაეღო, პარლამენტის ჭიშკარს სახანძროს მანქანა ჩამოაფარეს.

მანამდე სამართალდამცავებმა პარლამენტის შესასვლელებიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მომიტინგეები. ადგილზე იყო წყლის ჭავლი და სპეცრაზმი. დააკავეს 20 ადამიანი, კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს სცემდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button