უკრაინაში ომის 209-ე დღე-უკრაინის ტერიტორიები კვლავ იბომბება

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მინიმუმ 55 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და რუსეთს საშუალება არ მისცა ჰაერში ბატონობა განემტკიცებინა, განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა ჯეიმს ჰეკერმა.
კიდევ მინიმუმ 5 თვითმფრინავი ხმელეთზე გაანადგურეს. გენერალ ჰეკერის თქმით, უზარმაზარი დანაკარგი იმის მთავარი მიზეზია, რომ რუსეთის გამანადგურებლები და ბომბდამშენები რუსეთის სამხედრო ოპერაციებში არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. ამასთან, უკრაინის არმია იყენებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შექმნილ საზენიტო რაკეტებს – S-300-სა და „ბუკს“. რუსეთის თვითმფრინავებისა და დრონებისგან თავის დასაცავად აღმოსავლეთევროპული ქვეყნების არსენალებიდან ასეთი კომპლექსების მიწოდება მოკავშირეების მიმართ კიევის ერთ-ერთი „უმთავრესი თხოვნა“ არის, თქვა ჯეიმს ჰეკერმა.
რუსეთის ძალების უუნარობა, სანდო საჰაერო დაცვა განაპირობონ საკუთარი ჯარებისთვის, ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იყო ამერიკელი მეთვალყურეებისთვის, რომლებიც ელოდნენ, რომ რუსეთი დომინირებას შეძლებდა უკრაინის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ამერიკის შეფასებით, უკრაინამ შეძლო საკუთარი სამხედრო თვითმფრინავების 80%-ის შენარჩუნება, რომლებსაც ის აქტიურად იყენებს საჰაერო დარტყმებისთვის. გენერალ ჰეკერის შეფასებით, რუსეთმა „საკვანძო ტაქტიკური შეცდომა“ დაუშვა, როცა შეჭრის საწყის ეტაპზე საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გასანადგურებლად. თავის მხრივ უკრაინამ აგვისტოდან დაიწყო ამერიკული ანტისარადიოლოკაციო რაკეტების, AGM-88-ის მიღება. ამერიკელი ტექნიკოსები მათ უკრაინის Su-27-ებსა და MiG-29-ებზე ამაგრებენ. ეს რაკეტები რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გასანადგურებლად გამოიყენება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად მინიმუმ 2,63 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
როგორც პრემიერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თქვა, 2022 წელს ბრიტანეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა გაიზრდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვება შთამაგონებელი იყო.
“ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებენ,” – თქვა ტრასმა.
30 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკის რეკონსტრუქციაში ეხმარება და უკრაინელების მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებენ.
გარდა ბრიტანეთისა ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი.
ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის თავმჯდომარემ, ზბინეკ სტანიურამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ასრულებს დაპირებებს.
“ჩვენ ხელს ვუწყობთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ და მისმა ძირითადმა ინფრასტრუქტურამ ფუნქციონირება გააგრძელოს, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად,” – თქვა ევროკავშირის თავმჯდომარემ.
სტანიურას თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური საბჭოს მომდევნო სხდომებზე ის ინიციატივას დააყენებს დარჩენილი 3 მილიარდი ევროს გამოყოფაზე სწრაფი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაიანას შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით გადაეცემა. როგორც ევროკავშირის საბჭო განმარტავს, ეს არის 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი, რომლის შესახებაც ევროკომისიამ ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა, ევროსაბჭომ კი ივნისში დაამტკიცა.
უკრაინაში ომის 209-ე დღეა, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოძიება გრძელდება.
გათავისუფლებულ იზიუმში კიდევ 146 ცხედარი აღმოაჩინეს. აღმოსავლეთ უკრაინაში, მასიურ სასაფლაოში ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწამები ცხედრებია, მათ შორის ორი ბავშვის.
კვლავ გრძელდება იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ჩერნიჰივისა და სუმის ოლქები. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი იერიშებს.
უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიპოვეს კონტროლი ქალაქ ლისინჩანსკთან ახლოს მდებარე სოფელზე. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მცირე, მაგრამ სიმბოლური გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ რუსები ლუჰანსკის მთელ რეგიონს ვეღარ აკონტროლებენ.