მნიშვნელოვანირეგიონი

“მკვლელი ქუჩაშია” – რადიოს დირექტორის წინააღმდეგ საქმის წარმოება მიმდინარეობს

“მკვლელი ქუჩაშია” – გორში ასეთი საპროტესტო წარწერების გამოჩენის გამო,პოლიცია გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორის გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას ითხოვს.

რადიოს ინფორმაციით, გორში გამოჩენილი წარწერების მიზეზი დავით სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნაა.

დედაქალაქში საპროტესტო აქციების პარალელურად,მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გორის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“.

წარწერების გამოჩენიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.

ადგილობრივი პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და სსკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

საქმეს გორის რაიონული სამმართველო იძიებს. როგორც რადიოს ვებგვერდი იუწყება, უწყების მიერ გადმოცემულ მასალებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით (ფოტო, ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები) გამყარებული არ არის.

გორის სათემო რადიო “მოზაიკას” დირექტორის გვანცა დოლუაშვილის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button