საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 000 ლარით აჯარიმებს 3 მარტს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის – ამ დღეს პრეზიდენტი მონაწილეობდა დედების მარშში, რომელიც პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. მსვლელობა შედგა ფილარმონიიდან პარლამენტამდე.
საქმე ეხება 3 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სადაც, როგორც ზურაბიშვილი წერს, ნამდვილად იმყოფებოდა.
„აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
საჯარიმო ქვითარში “სამართალდარღვევის” ჩადენის დროდ 2025 წლის 3 მარტია მითითებული. ამ დღეს თბილისში სინდისის პატიმრების მშობლების სოლიდარობის ნიშნად დედების მარში იმართებოდა.