მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – გამოძიება პარლამენტში და სამინისტროში

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს პირველ სხდომას მართავს.
სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა.
შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს. კომისიის წევრები დღესვე ელოდებიან, მათი მოთხოვნის შესაბამისად, პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოდან საგამოძიებო დოკუმენტაციის მიწოდებას. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ პროცესი არ გაჭიანურდება.
მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს სამართალდამცველები 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ. სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, გვიან ღამით დატოვა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა.
სუბელიანს დაკითხვის შემდეგ არ უსაუბრია რა კითხვები ჰქონდათ მასთან სამართალდამცველებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა აცხადებს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე კი დღეს მოკლული მოზარდების მშობლებსა და მათ ადვოკატებს შეხვდება. სერგი კაპანაძე სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ცალ-ცალკე გაესაუბრება. ადვოკატების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ამ შეხვედრაზე დღემდე უცნობი ფაქტები გასაჯაროვდეს. მოკლული მოზარდების ოჯახები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ნდობას უცხადებენ – გამონაკლისი კომისიის ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელიაა, მას ზაზა სარალიძე არ ენდობა.