მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრსახლში დაიწყო

უკრაინა კი 1101-ე დღეა იბომბება

შეხვედრა, რომლისკენაც მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი – ტრამპი და ზელენსკი განხილულ საკითხებზე შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკვე ერთი საათია გრძელდება უკრაინის სამომავლო პერსპექტივისთვის კრიტიკულ მომენტში – რომელიც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ზელენსკი ტრამპის დარწმუნებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაში, რუსეთის მხრიდან სამომავლო აგრესიის მოსაგერიებლად.შეხვედრა კონცენტრირებული იქნება შეთანხმებაზე, რომლითაც აშშ-ის უნდა მიენიჭოს წვდომა უკრაინის მინერალების რესურსებზე – რაც იქნება რუსეთთან ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

თეთრ სახლში ყოფნისას ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გამოთქვა იმედი, რომ მინერალებზე შეთანხმება უკრაინისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება – მისი თქმით, მას სურს პრეზიდენტ ტრამპთან უფრო დეტალურად განიხილოს ის, თუ რისი გაკეთებისთვისაა აშშ მზად უკრაინისთვის.

ტრამპის თქმით, კიევთან ამ შეთანხმების გაფორმება იქნება “ძალიან სამართლიანი”, ხოლო რუსეთთან ომში ზავი “საკმაოდ ახლოსაა”. ამასთან, ტრამპი ამბობს, რომ უკრაინელებს კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.

ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა ფოტოები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებები და თქვა – “ჩვენს ტერიტორიაზე მკვლელთან კომპრომისები არ იქნება”.
ახლა ყველა ელოდება პრესკონფერენციას თეთრ სახლში, სადაც აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დაადასტურებენ, რომ მათ ხელი მოაწერეს ძვირფას მინერალებზე შეთანხმებას, რომელზეც კიევმა ორჯერ თქვა უარი.

მედიასთან განცხადებების გაკეთება 10 საათზეა ჩანიშნული.

დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ან ძალიან სწრაფად დასრულდება, ან არასდროს დასრულდება. იქამდე, ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს პირისპირ შეხვდა და უკრაინაში ომის დასრულებაზე ესაუბრა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც შეახსენეს.

პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ბრიტანეთის პრემიერმაც უპასუხა. კირ სტარმერმა ამერიკას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერისგან დაპირებაც მიიღო – მიმდინარე წელს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას მეტ დახმარებას გაუწევს.

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ევროპელი ლიდერები. მათი ნაწილი დონალდ ტრამპის კრიტიკას ისევ არ ერიდება, ნაწილი კი ამერიკის 47-ე პრეზიდენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება.

უკრაინა კი 1101-ე დღეა იბომბება. რუსულმა ძალებმა შაჰიდის ტიპის დრონებით ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. მასობრივი თავდასხმა იყო ხარკოვის ენერგოსისტემაზეც.

ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.
შეგახსენებთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატის ორპარტიული დელეგაციის წევრებთან.

„ჩვენი განხილვის მთავარი თემები იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევა, ომის დასრულების ჩვენი ხედვა და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამაყობს აშშ-ის მსგავსი სტრატეგიული პარტნიორებით.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, როგორიც არის შეერთებული შტატები. მადლიერები ვართ უკრაინისთვის ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის სამივე წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხვდება, სადაც ლიდერები სავარაუდოდ განიხილავენ აშშ-ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და შესაძლოა, ხელი მოაწერონ მინერალების შესახებ შეთანხმებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button