მმართველ გუნდში შიმშილობის აქციას აფასებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოშიმშილეებს მიმართავს
რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში. თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია.
“ქართული ოცნები”ს წევრები აფასენებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას
ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს შიმშილობა აიძულა და ამით ე.წ შერიგების თემა თავადვე დახურა.
მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს.
რასაც ვხედავთ, შიმშილობის აქცია სააკაშვილის დაშინებითა და მოთხოვნით არის წამოწყებული, როგორც ჩანს, ის სჯის მომხრეებსა და პარტიას, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, არანაირი ამ ტიპის პროტესტი არ არის პერსპექტიული.
შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები – ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყება შეაფასა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით შეუქმნას.
მეეჭვება, რომ ვინმეზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს ამ მასობრივმა შიმშილობამ, ვიდრე პარლამენტარების შიმშილობა და სააკაშვილის შიმშილობა იყო – სააკაშვილის გათავისუფლება მეეჭვება, რომ შიმშილობით მოხერხდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა,
მისი თქმით, თუ ოპოზიციამ შიმშილობა საზოგადოების ორად გახლეჩვად წარმოაჩინა და შემდეგ დასავლეთს პოლარიზაციის მოხსნის სურვილი გაუჩინა, მაშინ შესაძლებელია დასავლეთმა ხელისუფლებას უკან დახევა მოსთხოვოს.
ვთვლი, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ამ ფორმით ვინმემ ქვეყანაში მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.
გუშინ, 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ “ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება”.