მნიშვნელოვანისიახლეები

მმართველი გუნდი NDI-ის კვლევებს არასანდოდ მიიჩნევს

საზოგადოებრივი მოძრაობის, “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ NDI-ის კვლევებს არ ენდობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ნდობის კლების ნაწილში ეთანხმება.

მისივე შეფასებით, ეს გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებამ და რადიკალურმა ნაბიჯებმა.

“ზოგადად, NDI-ის კვლევებს მე მაინცდამაინც ვერ ვენდობი, თუმცა ოპოზიციას ნდობა დაკარგული აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება და კერძოდ მათი მომხრეები, არაერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას. მათი ქმედება მიმართულია რადიკალიზმისაკენ და მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამაში მათი მომხრეები და, ზოგადად, საზოგადოებაც არაერთხელ დარწმუნდა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი თანდათან კარგავენ მომხრეებს,”-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს არ ენდობა და აცხადებს, რომ რეკორდული – 40%-იანი ცდომილება დაფიქსირდა.

მისივე შეფასებით, ამ ყოველივეს ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნები მოწმობს.

“თან ამბობს NDI, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ პარტიას ერთად, დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ეს შეიძლება იყოს სიმართლესთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად, თუ ისინი მოსახლეობას არწმუნებენ, რომ 20% აქვს “ქართულ ოცნებას”, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდომილების რეკორდი დაფიქსირდა – 40%-იანი ცდომილება, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 60% მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. სერიოზულად უნდა გაგვიჭირდეს საუბარი ამ კვლევის შედეგებზე, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად ვიმსჯელებთ,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “რეფორმების ჯგუფის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, NDI-ს კვლევა უნდა იყოს “ცივი, გამოსაფხიზლებელი შხაპი” თითოეული პოლიტიკოსისთვის პარლამენტში.

მისივე შეფასებით, კვლევა საკმაოდ რეალისტურად ასახავს სიტუაციას პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის კუთხით.

“საკმაოდ რეალისტურია შეფასება პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში მხარდაჭერაზე, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის, ისევე, როგორც მთელ იმ პროცესთან მიმართებაში, რომელსაც არ მიჰყავს ქვეყანა იმ იმედისკენ, რაც უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს და უკეთესობას, მაშინ, როდესაც ყოველი მეექვსე ამბობს, რომ მას ჰყავს უცხოეთში ოჯახის წევრი და ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოსახლეობის, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ, ეს არის უმძიმესი მაჩვენებელი, რაც პოლიტიკოსებმა უნდა შეცვალონ და ამ მოცემულობაში ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი, ცივი შხაპი თითოეული პოლიტიკოსისთვის პარლამენტში, რომელიც თავს იწონებს რაღაცებით,”- აცხადებს თეონა აქუბარდია.

NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა 7-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button