მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მმართველი გუნდი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ხელს ოპოზიციისკენ იშვერს

რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ემიგრაციაში მყოფი საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, ცალმხრივად რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა სწორედ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც 2008 წელს მიატოვა საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში, მიატოვა საკუთარი ჯარისკაცები.
„მოვისმინეთ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებები. ისინი, პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას. რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ემიგრაციაში მყოფი საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, დამოუკიდებლად, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. 2008 წელს მიატოვეს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში და სოფლებში, სადაც თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, მაშინ, როცა რუსეთმა შემოიღო სავიზო რეჟიმის შეზღუდვა, სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი, ეს ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები, მიატოვეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ გორში, დღეს ხმამაღლა გამოდიან საქართველოსთვის დამაზიანებელი და მავნებლური განცხადებებით. მინდა, მივმართო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ეს რადიკალური ოპოზიცია ითხოვს დღეს საქართველოს ხელისუფლებისგან თქვენზე სანქციების დაწესებას, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გარდა ამისა, თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის თუ პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი, სწორედ აქეთ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული.
„მთავარი აქ არის ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის სტატუსის მიღებას, ანუ ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დღეს სახეზეა. საქართველოს პრეზიდენტის თუ პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი, სწორედ აქეთ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული. დღეს ჩვენ ვერცერთი ოპონენტის მხრიდან ვერ მოვისმინეთ ასეთი განცხადება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი საგანგებოდ არ აჟღერებენ ამ არგუმენტს და აიგნორებენ მთავარ არგუმენტს, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით.
ჩვენი უპირველესი სათქმელია, ჩვენ არ ვაპირებთ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. ამ ადამიანების, ოპოზიციონერების უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ისინი საკუთარი ქვეყნის მაოხრებლები არიან, როდესაც გამოდიან და პირდაპირ ხელისუფლებას სთხოვენ ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების დასანქცირებას. ჩვენ არ ვაპირებთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს, საზღვარგარეთ მყოფთ შეუქმნის პრობლემებს და არ ვაპირებთ ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნას. თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „ნაცმოძრაობამ“, მათ ვერ შეძლეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, მათ ვერ შეძლეს პროვოკაციების სწორი ანალიზი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, დაიღუპნენ ჯარისკაცები, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, მიატოვეს ამ ადამიანებმა, რომლებიც ახლა გამოდიან განცხადებებით.
პრეზიდენტის, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს, საქართველომ დროულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სრულიად უსამართლოდ უარი და გადავადება გამოიწვევდა ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. პრეზიდენტის და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს ეს. რაც შეეეხება თავად სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, რუსეთმა ცალმხრივად დააწესა, რადიკალური ოპოზიცია დღეს ჩვენ, ხელისუფლებას გვთხოვს თავისი მოქალაქეების დასანქცირებას, რასაც არ გავაკეთებთ“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამოყოფილი “ხალხის ძალი” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ცალმხრივია და ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
ჟურნალისტებმა მაჭარაშვილს სთხოვეს შეეფასებინა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა მაჭარაშვილმა კითხვას არ უპასუხა.
“ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით, რუსეთში რა ხდება., ფე ეს ბეში რა ხდება, ფე ეს ბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენიდან ვიგებ ხოლმე და თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. მთავარი არის ის, რომ მე გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და თუ ამას ახლა მიიღებს რუსეთი, ესეც არის ცალმხრივი გადაწყვეტილება”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე ფრენების ნაწილში, მოეხსნა, ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებისა და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს არის სანქციები, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთს ჰქონდა დაწესებული, ამ სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა.
2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე ფრენების ნაწილში მოეხსნა. ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველი არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს.
საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა – ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან, რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება არის ცალმხრივი სანქციის ანულირება.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა, დასაჯოს საკუთარი ხალხი რუსეთის ხელით.
„გახსოვთ, რუსეთმა დასაჯა ქართველი ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუთანხმებლად როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე საქართველოსთან. ახლა ის თავად ხსნის თავის სასჯელს. ბუნებრივია, ოპოზიციას უნდა, კვლავ დასაჯოს საკუთარი ხალხი, ოღონდ სხვისი ხელით, რუსეთის ხელით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის ცალმხრივი სანქციის ანულირება. შესაბამისად, ჩვენ ამას ვიღებთ მოცემულობად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ“.
„ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, თავიანთ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, – აღნიშნა მინისტრმა.
…………………..
რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
„უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რა მოხდა – რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, ეს არ გახლდათ საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რაც შეიძლება, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის შეშფოთების საგანი იყოს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენი მხრიდან სანქციების პროაქტიულად დაწესებას არ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, თავად ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე. ნამდვილად გამიჭირდება კომენტარი რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იქნება, ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

……………………….

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი უქმდება. ქვრივიშვილის შეფასებით, ეს დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენის ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირსაც”, – თქვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ქვრივიშვილმა შეაფასა პუტინის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა.
„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, ნათლად და ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით – თვის ჭრილში, ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა, გარკვეული დროის განმავლობაში, მესამე ქვეყნის გავლითა და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის მიმართვა არც ერთ ავიაკომპანიას არ გაუკეთებია.
ქვრივიშვილი ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც შეძლებენ საქართველოში პირდაპირი ფრენების შესრულებას, არ უნდა იყვნენ სანქცირებულნი.
“ამ ეტაპისთვის, არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან, ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს მომართვა არც ერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის, არც სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებში”, – ამბობს ქვრივიშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც – 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

“ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება” – წერია დოკუმენტში.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button