მნიშვნელოვანისიახლეები

მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები მომხდარ პროტესტზე

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია გამოხატოს.
რაც მოქალაქემ უთხრა „ოცნებას”, ამას ვეუბნებით ჩვენც ყოველდღიურად, ამის გამო გინება, შეურაცხყოფა, მათ შორის, თავმჯდომარის მხრიდან, მადისკრიმინირებელი განცხადებები მოქალაქის და მოქალაქეთა ჯგუფის მიმართ, ისევე როგორც დაპირისპირების და ცემა- ტყეპის მცდელობა, ნათელი მაგალითია, რომ ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც თავისუფალი აზრი, პროტესტი მიუღებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინეს, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან იყო მუქარა პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მიმართ. მისივე ინფორმაციით, მუქარის ავტორები იყვნენ მამუკა მდინარაძე, ალუდა ღუდუშაური, დაჩი ბერაია.

„ჟურნალისტების გაყრა, დეპუტატების გაყრა მათ შორის ბიუროს, სხდომათა დარბაზებიდან, საპარლამენტო რეპრესიები, რომელსაც შალვა პაპუაშვილი და კომიტეტების თავმჯდომარეები ახორციელებენ, ამ შენობის ძალიან მანკიერ ტრადიციად იქცა და დაგვაბრუნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელ წარსულში – საბჭოთა წარსულში. ამგვარი ტიპის რეპრესიები ყოველდღიურად გვაგონებს საბჭოთა ტიპის მმართველობას.

რაც შეეხება მოქალაქეს, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, ამის უფლება გააჩნია აბსოლუტურად ყველას. იგივეს რაც ამ მოქალაქემ უთხრა “ოცნებას”, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, ყოველდღიურად ვეუბნებით ჩვენც მათ სხდომათა დარბაზში. ამის გამო გინება, შეურაცხყოფა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, მადისკრიმინებელი განცხადებების გაკეთება კონკრეტული მოქალაქის და მოქალაქეთა ჯგუფის მიმართ, ისევე როგორც დაპირისპირების და ცემა – ტყეპის ინსცენირების მცდელობა, არის ნათელი მაგალითი, რომ ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც თავისუფალი აზრი, პროტესტი და ეს იყო მშვიდობიანი ფორმა პროტესტის, არის კატეგორიულად მიუღებელი, რაც ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმის.

ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა დეპუტატების: ალუდა ღუდუშაურის, მამუკა მდინარაძეს, დაჩი ბერაიას მხრიდან პერსონალური მუქარა შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილის, ტრადიციულად “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით. მაგალითად მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ კიდევ ერთხელ ვახსენებთ სიტყვა რუსულს, შეგაგინებთო და თურმე ვინმეს უნდა შეშინდეს ამგვარი მისი მუქარის. იყო სიტყვიერი მუქარა, ფიზიკური დაპირისპირების მუქარა, რაც აჩვენებს რეჟიმის რეალურ სახეს,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“ვერ მოვიგონებ ვერაფერს, გაცილებით მეტი ვუთხარი, მაგრამ რაღაც ნაწილი მოჭრეს და ის დადეს. გაცილებით უარესი ვუთხარი, რასაც მე კამერების წინ ვერ ვიტყვი. რაც ეკუთვნოდათ ის ვუთხარი.

როდესაც შენ პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს, ამ ადამიანებს ყველაფერი ეკუთვნის. და ამაზე რომ მერე ტაშს უკრავს ვიღაც და თავს რომ გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ამ პერფორმანსს ტაშიო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის. ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი რაც ვნახე, ყურებში თითებგარჭობილი შშმ ბავშვის ამ საშინელებისა და მარაზმის შედეგად – წარმოუდგენელი ამბავია, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ ადამიანებმა. იკადრონ ისიც, რომ დაუშვან რომ შშმ პირებს დასჭირდეთ ხელები დაიფარონ ყურებზე, რომ ამ საშინელებას არ შეხედონ, ამის კადრება არ შეიძლება. ეს იყო მშობელი, რომელიც არის მაქსიმუმ 10 ყველაზე რადიკალურ აქტივისტს შორის. “ნაცმოძრაობის” აქტიური აქტივისტია და მის სამფლობელოში იკრიბებიან ხოლმე და ეს შეკრებები მის მფლობელობაში არსებულ ფართში წარმოებს ხოლმე,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დარბაზში ბანერი გადმოფინა და დეპუტატებს, სავარაუდოდ, რუბლები გადმოაყარა.

მომხდარს კობახიძემ “ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება” უწოდა და აღნიშნა, რომ აღნიშნა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროვოკაციისთვის შშმ ბავშვები გამოიყენეს.

“ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვების გამოყენება ამისთვის. შიგნით ნახეთ რა მოხდა, ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს ბუნებრივია სათანადო პასუხი. ეს პასუხი ძალიან კარგად შეირგეს, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები და შეირგეს, რაც სწორია. რაც შეეხება კოორდინაციას, იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც რამდენიმე დღის წინ. ეს 5 ათას რუბლიანი კუპიურები სიმბოლურია, ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას მანამდე ჩაერიცხა 5 მლნ რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. იქ იყო სამი-ოთხი „გირჩელი“ „ფორმულასთან“ ერთად, „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისთვის მიიყვანა მასთან აფილირებული “გირჩელები”. მათი სახე ნახეთ. ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები, რაც არის აკერმანის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება არის ის, რომ ისინი არიან აქტივისტები. რუბლები გადმოყარა “ნაცმოძრაობის” აქტივისტმა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც, მაგრამ რაღაცას უზნეოდ როცა აკეთებენ, ეს არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უზნეო საქციელია, რაც დღეს პარლამენტში მოხდა.

„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორები ბევრი ადამიანისთვის გამოსაყენებელი ხდება მერკანტილური მოტივებით და იდეებით. ეს ცუდი ამბავია. მინდა, ყველას სახელით ბოდიში მოვუხადო იმ ბავშვებს, რომლებმაც დღეს ძალიან დიდი სტრესი განიცადეს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც, მაგრამ როცა ამ ეთიკას არაფერს დაუდევენ, რაღაცას სხვანაირად, უზნეოდ აკეთებენ, ეს არანაირ საზღვარში აღარ ჯდება და ძალიან ცუდი ამბავია. ყველამ თავისი თავი შეაფასოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს გამოხატვის უფლება, მაგრამ ჩემს ესთეტიკაში არ ჯდება პოლიტიკური მესიჯისთვის ბავშვების გამოყენება, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ წევრi იაგო ხვიჩია პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს.

იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში რაც მოხდა, მოულოდნელი იყო.

„ყველანი მიჩვეული ვართ, როდესაც სტუმრები მოდიან, გავტრიალდებით და ავტომატურად ტაშს ვუკრავთ, რადგან ხან ბავშვები არიან, ხან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მოხდა ისეთი რამ, რომელიც ზოგადად მოულოდნელი იყო. მგონია, რაღაც თვალსაზრისით, ბავშვები გამოიყენეს იმ პოლიტიკური მესიჯისთვის, რომელიც, ბევრის აზრით, ლეგიტიმურია. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამოხატვის უფლება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ესთეტიკაში არ ჯდება და, სამწუხაროდ, არ მომეცა სხდომაზე ამის დაფიქსირების საშუალება, რადგან შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე დისკუსია არ დაუშვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან. პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან” გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა. ინციდენტმა ხმაური გამოიწვია და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დარბაზში მედია არ იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button