მნიშვნელოვანისიახლეები

მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ

მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ? – ქართული ოცნების პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეაქვს, რაც კობახიძე- ღარიბაშვილის მთავრობას, შესაძლებლობას მისცეს, იმპიჩმენტის პროცედურის გარეშე, ქვეყნის პირველი პირის მიმართ დავა წამოიწყოს.

პოლიტიკოსები ღიად ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ოცნების ლიდერების აკრძალვებს არ ემორჩილება და ევროპაში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.

საპირისპიროს ამტკიცებენ ქართულ ოცნებაში:

კონსტიტუციასა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონს შორის ცდომილება არსებობდა, ეს ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ საკითხი არ დავძარით, რადგან აქამდე ამის პრაქტიკული საჭიროება არ იკვეთებოდა – საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, სპეკულაციები მოჰყვებოდა, – აღნიშნული განმარტება უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

ამავე კონტექსტში მიქანაძემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება იმავე დღეს მოხდა, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს აპირებდა.

მიქანაძის თქმით, “გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო იყო ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა“.

„ქართული ოცნება” პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს – დაკავებულნი არიან კუდიანებზე ნადირობით და ერთ- ერთი კუდიანი მათთვის სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილება არ არის ცერემონიალური და მას უფლება აქვს თავის დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართული ოცნება” უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, როცა პროუკრაინელობას ემიჯნება და ყველას, ვისაც პროუკრაინული პოზიცია უჭირავს, ბრძოლას უცხადებს,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა “ქართული ოცნება” პროუკრაინული პოზიციის მქონეთ ბრძოლას უცხადებს, ეს მათ პოზიციას პრორუსულად წარმოაჩენს.

„პრორუსული პოზიციით მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება ეს თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიღმა, ჩემი აზრით, წამგებიანია “ქართული ოცნებისთვის” და საჩუქარია “ნაციონალური მოძრაობისთვის”, – განაცხადა ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებას, ოპოზიციის მონაწილეობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაშაძე ასევე შეახსენებს ხელისუფლებას მათ ინიციატივას ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივაც ძალაშია.

ცნობისათვის, მმართველი გუნდის ინიციატივით, საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების პროექტი გააკრიტიკა საია-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები საშუალებას მისცემს პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში პირდაპირ დაუკავშიროს არა მხოლოდ კომპეტენციის დამდგენ ნორმატიულ ჩარჩოს, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ქმედებებს. საია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button