ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საწვავის შემდეგ, პურის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

ახალ წლამდე პური არ გაძვირდება, თუმცა მომავალი წლიდან ფასები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს,ამის შესახებ „ბიზნესრევიუს“პურის მცხობელთა ასოციაციაში განუცხადეს.

ასოციაციის თავმჯდომარ მალხაზ დოლიძ ამბობს, რომ ტონა ხორბლის ფასი ბოლო ერთ კვირაში საერთაშორისო ბაზრებზე 320 დოლარიდან 350 დოლარამდე გაიზარდა. ძვირდება ყველა ის ინგრედიენტიც, რომლებიც პურის დასამზადებლად გამოიყენება.

ჩვენს კითხვაზე, დაახლოებით რამდენი თეთრით უნდა ველოდოთ პურის გაძვირებას, დოლიძე გვპასუხობს, რომ ფასი დრამატულად არა, თუმცა შეიძლება მაინც  გაიზარდოს. პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ რუსულ ხორბალზე საბაჟო გადასახადი 67 დოლარამდე გაზარდა. რადგან საქართველოში ხორბლის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის, 1 ტომარა პირველი ხარისხი ფქვილი საქართველოში 72 ლარამდე გაძვირდა, ხოლო უმაღლესი ხარისხის ფქვილი 90 ლარი გახდა.

პურის მცხობელთა აზრით, ერთადერთი სწორი გამოსავალი ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდაა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე ხორბლის მარაგები საქართველოში საკმარისია, თუმცა პარამეტრები საყურადღებო ნიშნულთან ახლოსაა, რაც რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შემცირებით და ფქვილის იმპორტის გაზრდით აიხსნება, ანუ, სილაგავა ამბობს, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ჩანაცვლდა რუსული პურის ფქვილის იმპორტით.

სილაგავა გვეუბნება, რომ ახლა წისქვილკომბინატები ფაქტობრივად არჩევანის წინაშე დგანან, გააგრძელონ ჩვეული საქმიანობა, თუ ისინიც ფქვილის იმპორტიორები გახდნენ. თუ წისქვილკომბინატები ხორბლის ნაცვლად, ფქვილის იმპორტით დაკავდებიან, სილაგავა, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა ხორბლის სტრატეგიული მარაგების გარეშე დარჩეს. აქვე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფქვილი მაქსიმუმ 2 თვე ინახება, ხოლო ხორბალი წლობით, ქვეყანა აქცენტს იაფი ფქვილის შენახვაზე ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, დღეს 1 ტონა ხორბლის საერთაშორისო ფასი 350 დოლარია, რაც ბოლო 13 წლის მაქსიმუმია.

მსგავსი პოსტები

Back to top button