მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება რათა ქართველებში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება და თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ

საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია – ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

„ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად.

საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სჯერა, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამავდროულად, მან ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის “სიმბოლური”.

“მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ეს ღონისძება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა.

“ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მოქმედების დროა”, – თქვა მან.დღეს, 6 მაისს, საქართველოში ევროპის დღეების აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება თბილისში, “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეებში.

ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს.

გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ველოდებით საქართველოს! – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70-ზე მეტი წლის წინ სუვერენულმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყნებმა ძალები გააერთიანეს, რათა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ ევროპაში. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროპელი ლიდერების მიერ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს ევროპას მიეკუთვნება და საქართველოს გარეშე ევროპა სრული ვერ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ ევროპული ერთიანობის, ევროპული მრავალფეროვნების შესანიშნავი იდეა აღვნიშნოთ და ველოდებით საქართველოს! და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. გილოცავთ ევროპის დღეს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button