მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“მნიშვნელოვნად აღვიქვათ მესიჯი, რაც მოდის სენატორ რიშისგან”

აშშ-ს ელჩის მოწოდება

ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოეხმაურა.

“სრულად უნდა წავიკითხოთ ეს კანონპროექტი. იქ არის ძალიან ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარი საქართველოს მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია ქვეყანამ, კიდევ რა მოლოდინია და რა უნდა გააკეთოს მომავალში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად.

“მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ ის კომენტარი და ის მესიჯი, რაც მოდის სენატორ რიშისგან და ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისგან, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ის ხალხი, ვინც ზრუნავს საქართველოზე, ვინც კარგად იცნობს ამ ქვეყანას და სურვილი აქვს მისი განვითარების და წარმატების ხილვის.” – აცხადებს კელი დეგნანი.

დავით ზალკალიანის შეფასება

“საბოლოო ვერსიამ, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ასე იქნება მომავალშიც, რადგან ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის შეუქცევადი.” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა აყვანილი.

„ეს გახლდათ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარდაჭერა საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. არის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ და რა თქმა უნდა, არის მხარდაჭერა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც. საკანონმდებლო აქტში, საქართველო არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სენატის ვერსია თავდაცვის აქტის, არის მართლაც უპირობო მხარდაჭერა საქართველოს როლის რეგიონში.” – განაცხადა ზალკალიანმა.

მოისმინეთ დავით ზალკალიანის ხმა.

ოპოზიციის შეფასება

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის მხარდაჭერაა და ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების წინ კიდევ ერთი შანსი მისცა. თუმცა, ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მეორე დოკუმენტი, რომელშიც პოლიტპატიმრებზე და საქართვცელოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზეა საუბარი, ჯერ მხოლოდ წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა და სენატს არ გადაგზავნია.

“ამ დოკუმენტში, რომელიც ზალკალიანმა იზეიმა, დიახ, საქართველოს, როგორც ქვეყანას მხარს უჭერენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ იქვე, საუბარია იმ შესწორებით, რომელიც დაყენებული იქნა ქვედა პალატაში, რომ უნდა მოხდეს კონკრეტული დემონსტრირება იმისა, რომ ჩიხიდან ქვეყანა გამოდის და აღარ ღრმავდება კრიზისი.

“რაც შეეხება მეორე უტიფარ სიცრუეს, რომ სენატის საგარეო კომიტეტის შესწორება რომ იყო, ის არ გავიდაო. საუბარია პირდაპირ 8 მარტის შეთანხმებაზე, კონკრეტულ პირებზე, პოლიტპატიმრებზე. ეს დოკუმენტი მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ, სენატში ჯერ არ წასულა.” – აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

მოისმინეთ გიგა ბოკერიას ხმა.

აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

მსგავსი პოსტები

Back to top button