“მობილური ტელეფონით გადაიღეს და გავრცელების მუქარით თანხას სთხოვდნენ”
სოციალურ ქსელში გავრცელებულ შუა ხნის მამაკცზე ძალადობის ამსახველ ვიდეო მასალაზე, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გააკეთა.
პროკურატურის განმარტებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცზე, ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებსაც ბრალი უკვე წარუდგინეს.
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა და არასრულწლოვანმა ახალგაზრდამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა.
ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ, გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში, მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავა.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ლაგოდეხში შუახნის მამაკაცზე არაადამიანურად და სექსუალურად იძალადეს