მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა-ომში 185 050 რუსი ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 49-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ ბახმუტისთვის.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 21 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 185 050
ტანკი – 3 668
ჯავშანტექნიკა – 7 126
საარტილერიო სისტემა – 2 827
სარაკეტო სისტემა – 539
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285
თვითმფრინავები – 308;
ვერტმფრენი – 293;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 394
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 713
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 334.