მნიშვნელოვანისიახლეები

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ლარში გაცემული სესხები იაფდება

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ლარში გაცემული სესხები იაფდება. დეკემბრის მდგომარეობით, ასეთი 184 ათასზე მეტი სესხია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა.
“საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება.

პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.” – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის „საზოგადოებამ და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ცხრა პროცენტამდე შეამცირა. შესაბამისად, სესხზე ყოველთვიური შენატანი 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება. 184,391 ხელშეკრულებიდან უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული: შინამეურნეობებზე – 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე – 5.4 მლრდ. ლარის (43%).

„საზოგადოებისა და ბანკების“ მონაცემებით, დღესდღეობით ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული – 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა – 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1-ელი დეკემბერი), ბიზნესსესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი შესაბამისად 8 და 13%-ით გაიზარდა ანალოგიურ პერიოდში. ბიზნესსესხის საშუალო მოცულობა – 199,898 ლარს, იპოთეკურის – 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 17%-ით გაიზარდა და, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 29 მლრდ. ლარს მიაღწია. აღნიშნული მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს, 24%-ს.

„საზოგადოებისა და ბანკების“ მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც, დაახლოებით, 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და დეკემბრის თვეში 0.4% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ანალოგიურ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 11%-იდან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან.

„საზოგადოებისა და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და ეროვნულ ბანკს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გასული წლის ბოლოდან მოუწია. რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ცვლილება 2024 წელს ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. რეფინანსირების განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე აწესებს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ლარში გაცემული სესხები იაფდება, ზრდის შემთხვევაში კი – ძვირდება.

როცა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ქვეყანაში სესხები ძვირდება, რაც საბოლოოდ ამცირებს სესხებზე მოთხოვნას. შედარებით დაბალი მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმთან უნდა იყოს თანხვედრაში.

2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბანკებს 52,65 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული. ეროვნული ბანკის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში ბანკებმა 1,46 მილიარდი ლარი გაასესხეს. ჯამში სესხების მოცულობა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს 52,65 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
გაცემული სესხების თითქმის 55 პროცენტი ლარშია, დანარჩენი 45 კი უცხოურ ვალუტაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button