მოკრძალებული ლიტურგიები ცალკეულ ეკლესიებში

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი სააღდგომო ღვთისმსახურებას ღამის 11 საათიდან აღავლენს. იგი მრევლის წევრებს მოუწოდებს, რომ ღამით მარტვილის საკათედრო ტაძარში მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც ეზიარებიან.
“ჩვენთან არის იმის პირობები, რომ ასე ღია ცის ქვეშ, დიდ სივრცეში ჩატარდეს და ვატარებთ უძველესი წესით. როცა არაა ასეთი პირობები, ჯობია, დილით ჩატარდეს, ამიტომ ვატარებთ დილით ეპარქიის სხვა ტაძრებში. მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ვთხოვთ, რომ მშვიდად, ხვალ, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მოვიდნენ და არაა აუცილებელი მაინცდამაინც აღდგომის ღამით მოვიდნენ ტაძარში. ჩვენ გვექნება ხმის გამაძლიერებლები და მთელი მარტვილი მოისმენს ღვთისმსახურების ხმას,”-ამბობს ჭყონდიდელი ეპისკოპოსი.
მისივე თქმით, მრევლის ის წევრები, რომელთაც სააღდგომო ღვთისმსახურებაზე დასწრება აუცილებლად დღეს საღამოს სურთ, ტაძრამდე ფეხით 9 საათამდე მივლენ, თუმცა მეუფე ამბობს, რომ მათთვის “წირვაზე დილით მოსვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება”. სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის სასულიერო პირები უკვე ემზადებიან.
ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს – ის ამბობს, რომ მსახურება არ უნდა გაჩერდეს, თუმცა ვიდრე ქვეყანაში კორონავირუსის საშიშროებაა, მრევლის დასწრება ლიტურგიებზე შეიზღუდება. დეკანოზი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დაეკისროს და პასუხისმგებლობა ეკლესიებმა უნდა იტვირთონ.
“ჩემთვის პირადად გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს, მორჩილებისადმი, იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ,” – ამბობს მამა თეოდორე.
დეკანოზი აქვე აღნიშნავს, რომ მისი სამრევლო ძალიან აქტიური სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და მათთვის წირვა და ზიარება ძალიან ძვირფასია.
“მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ, სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში,” – აცხადებს მამა თეოდორე.