მოლაპარაკებები დაპაუზდა-პირველი პირისპირ მოლაპარაკება სამწლიანი პაუზის შემდეგ: უკრაინა და რუსეთი სტამბოლში

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული და უკრაინული მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე ფორმულით “ათასი-ათასზე”. მისი თქმით, შეთანხმებულია კონკრეტული თარიღი, თუმცა მას ჯერ არ დაასახელებს.
“დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს მასპინძელსა და პარტნიორებს გადაეცათ, იყო: პირველი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხილვა, მეორე – ჰუმანიტარული მიმართულება, გაცვლა და მესამე – [სახელმწიფო] ლიდერების დონეზე პოტენციური შეხვედრა. შედეგად, ჩვენ შევთანხმდით ათასი ათასზე გაცვლაზე. ჩვენ ვმუშაობთ გაცვლის სხვა მოდალობებზე”, – თქვა უმეროვმა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა “ყველა მოდალობით” და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა. რუსტემ უმეროვი ამ შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს ხელმძღვანელობდა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ დაადასტურა, რომ შეთანხმება ტყვეთა გაცვლის შესახებ შედგა და რომ ის “მომდევნო დღეებში” განხორციელდება. მანვე თქვა, რომ რუსეთის მხარემ “აღნიშნა” უკრაინის მოთხოვნა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ ორივე მხარე წარადგენს “მომავალში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის საკუთარ ხედვას”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ალბანეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში იღებს მონაწილეობას, განაცხადა, რომ უკრაინა „მზადაა, მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები“ გადადგას მშვიდობის დასამყარებლად.
ცონობისთვის სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩეში დასრულდა მოლაპარაკება უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის. შეხვედრამ ორ საათზე ნაკლებ ხანს გასტანა.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა პირისპირ მოლაპარაკება პირველად ჩაატარეს 2022 წლის მარტის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე სტამბოლში დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შესახებ ადგილზე მყოფმა მედიამ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა განაცხადა, რომ შეხვედრა „დაპაუზდა“ და ისევ გაგრძელდებოდა, თუმცა შემდეგ თავად ამ სააგენტოს წყარომ დაადასტურა, რომ დელეგაციები დაიშალნენ და მზადდებოდა განცხადებები პრესისათვის.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას – პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
Sky News-ს უკრაინელმა წყარომ უთხრა, რომ რუსულმა მხარემ არარეალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინული ჯარების მიერ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის დატოვება.
CNN-ს ასევე უკრაინულმა წყარომ უთხრა, რომ რუსეთის დელეგაციას „არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი“. „ისინი მზად არ არიან, ომის დასასრულებლად რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვიტონ“, – თქვა მან.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.
შეგახსენებთ სამწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინას და რუსეთს შორის ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იყო – დოლმა ბაჰჩეს სასახლეში ერთმანეთის პირისპირ იყვნენ დელეგაციები ერთი მხრივ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მეორე მხრივ კი პუტინის თანაშემწის ხელმძღვანელობით – დარბაზში იყო თურქული მხარე.
მოლაპარაკებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა – ამ საუბრისთვის სტამბოლში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა. უკრაინის მოთხოვნა ცეცხლის უპირობო და ხანგრძლივი შეწყვეტა იყო.