მომავალი წლის იანვრიდან პენსია გაიზრდება
მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.
პენსიის გაზრდის სქემა ასეთია:
70 წლამდე პირები მიიღებენ პენსიას 260 ლარი ოდენობით;
70 წელს ზემოთ პირები 300 ლარის ოდენობით;
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პირები 312 ლარს;
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 და მეტი ასაკის პირები 360 ლარს;
22 წელს დაგეგმილია ომის ვეტერანებისთვის 22 ლარიანი დახმარების ზრდაც და ის გახდება 100 ლარი.
ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი გაგვეზარდა მილიარდ 310 მილიონი ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება.
„მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის, ისე ეკონომიკის განვითარებისკენ. მანამდე შეგახსენებთ, რომ წელს გვქონდა ძალიან მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი გაგვეზარდა მილიარდ 310 მილიონი ლარით.
ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 60%-დან, რომელიც იყო მთელი ჩვენი საგარეო ვალი, შემცირდება 51,1%-მდე. ამას გარდა, მთლიანი ბიუჯეტი, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 28,8 მილიარდი ლარი. ჩვენ 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. როგორც ვთქვით, მომდევნო წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ასევე მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2 % და 2022 წელს მთავრობის ვალი 51, 1 % იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.