მნიშვნელოვანისიახლეები

მომდევნო თვეში პენსიის აღება შესაძლებელი იქნება გაუქმებული ლამინირებული პირადობის მოწმობითაც

მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია არჩევნებში ხმის მისაცემად, საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება.

თუმცა, სარჯველაძის განმარტებით, ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეებს მოუწოდებს, მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე რომ არ დარჩნენ, მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკმაოდ დიდია ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს.

„დღეიდან საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ, ამიერიდან იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები, შეეცვალათ თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით.

ამ მიზნით, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. დაბრკოლება რომ არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა, თუმცა ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება.

ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები რომ არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა, მათ მოვუწოდო, მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე, სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც, ზოგადად, მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება. სახელმწიფო კვლავაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ პირადობის მოწმობის გამოცვლას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეიდან, 1 ივლისიდან, გაუქმდა უვადო ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა. მისი შეცვალა 15 მარტის შემდეგ უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში.

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა ჰქონდა დაახლოებით 230 ათას მოქალაქეს. რამდენმა ადამიანმა შეცვალა იგი ID ბარათით, უცნობია – სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, რომ ამ მონაცემის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია არჩევნებში ხმის მისაცემად, საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.

სერვისების განვითარების სააგენტოში რადიო თავისუფლებას დამატებით უთხრეს, რომ პირადობის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ მიმართონ სერვისცენტრებსა და იუსტიციის სახლებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. მოქმედი პირადობის მოწმობა ასევე აუცილებელია საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.
პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა – 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.

24 ივნისის მონაცემებით, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოცვალა ძველი ტიპის პირადობის მოწმობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button