მნიშვნელოვანისიახლეები

მომიტინგეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ პარლამენტისკენ მიემართებიან

გმირთა მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მივლენ.

ცოცხალ ჯაჭვს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოუძღვებიან. მათ როგორც საქართველოსა და ევროკავშირის, ისე უნივერსიტეტების დროშები უჭირავთ.

“დავიღლებით? არა!”, “სად მივდივართ? ევროპაში!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, დამონტაჟებულია სცენა და დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც.

რუსთაველის გამზირზე გამოჩნდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ადგილზე სამართალდამცველების მასშტაბური მობილიზება არ არის. დემონსტრანტები თავისუფლად გადაადგილდებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციას ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდებიან.

გარდა ამისა, როგორც აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა აღნიშნა, მათ გმირთა მოედანზე მყოფი აქციის მონაწილეებიც უერთდებიან.

რა გეგმა აქვთ დღეისთვის მომიტინგეებს, ამ ეტაპზე უცნობია.

პარლამენტთან მიმდინარე ანტირუსული აქციისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი 48 საათის შემდეგ დატოვეს აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმაც.

ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

“წინ ვიდექით, დამითრიეს ამაში [კაპიუშონი] მეცა ერთი სპეცრაზმელი, გაგვატარეს კალიდორი, გვირტყეს საშინლად, მერე მარშუტკაში შეგვიყვანეს, იქ გვცემეს, ჩემთან ერთად იყო ამერიკელი ერთი რუსი და 6 ქართველი”, – ყვება აკაკი ნიკაჭაძე.

ლუკა გვაზავა ყვება, რომ დაეცა, რა დროსაც სპეცრაზმელებმა “შემათრიეს უცებ, მირტყეს, ილანძღებოდნენ, ცუდ სიტყვებს იძახდნენ, ბოლოს ჩაგვსვეს კარგად ნაცემები, ჯერ მანამდე კუთხეში დაგვაყენეს სადღაც 7 კაცი და გვირტყეს, მერე მანქანაში ჩაგვსვეს და მოგვიყვანეს ბოლოს აქ, ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს”.

კიდევ ერთი დაკავებული, კახა კვეკვესკირი ყვება, რომ დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მანაც მიიღო – “დაბეჟილი მაქვს მთელი ტანი, ფეხი ვერ დავდივარ, მუხლი მაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში”. მისივე თქმით, ძირს დაგდებულ დაკავებულებს 10-15 წუთი ურტყამდნენ.
თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორში მოთავსებული ლაზარე გრიგორიადისი, გვიან ღამით, ადვოკატმა მოინახულა.

ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით, დაკავებულს სპეცრაზმის თანამშრომლებმა სახისა და თავისი არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და მას ექიმის დახმარება დასჭირდა.

“როგორც დაკავების ოქმში წერია, მისი დაკავების საფუძველი იყო წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. არადა, ვნახეთ კადრები, რომ არანაირი სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ლაზარე აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა და, ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად, მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაც. მისი მხრიდან არ ჰქონია სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი და ის დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იყო აქციაზე”, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, გრიგორიადისი პარლამენტთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button