მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

საქართველოში მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. ცვლილება შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

“მოგეხსენებათ, რომ დღეს მოპედის რეგისტრაცია არ ხორციელდება. მოპედების მართვისთვის არ არის საჭირო სპეციალური მართვის მოწმობა, შესაბამისად, ნებისმიერი პირს შეუძლია შეიძინოს და მართოს. მასზე მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს – ჩაფხუტის ტარების აუცილებლობა და ის, რომ პირი ნასვამი არ უნდა იყოს”, – თქვა დარახველიძემ.

კანონპროექტის თანახმად, ხდება მართვის მოწმობის ახალი კატეგორიების დამატება – AM-ის და A2-ის. AM კატეგორიაში გავა მოპედები, ხოლო A2 კატეგორიაში საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.
მოპედების მართვის უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას.

რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, ამ შემთხვევაში მოწმობის აღება მოქალაქეებს 18 წლიდან შეეძლებათ.
კანონპროექტზე დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

ცვლილება მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაციისთვის ძალაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button