მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოქალაქე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

მოქალაქე ვალერი ტეტუნაშვილი გორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს. ტეტუნაშვილის თქმით, სამართალდცველები მას პოლიციის შენობაში სასტიკად გაუსწორდნენ და სასწრაფო დახმარება დროულად არ გამოიძახეს, რის გამოც მას კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლა დასჭირდა.

“ჩამოვლისას მომაძახა ერთმა პოლიციელმა, ეს დასაჭერიაო. ყურადღება არ მივაქციე. მომიყენა ახლოს მანქანა და პირადობა მომთხოვა, მე ვანახე, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირადობა არ იყო. მობილური ამოვიღე და გადაღება დავიწყე, რაზეც პოლიციელებმა უხეშად მომმართეს. სანამ პოლიციის შენობაში გადამიყვანდნენ, მანამდე ადგილზევე გამლახეს, შემდეგ სამმართველოს წინვე გადმომაგდო [პოლიციამ] და ფიზიკურად გამისწორდა სამმართველოს წინ და შიგნით სამორიგეოში შემიყვანა. ორჯერ დამახეთქა თავით. იქ გონება დავკარგე, ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღე დაცემის შედეგად.” – ყვება ტეტუნაშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას.

მისი უფლებადამცველის, ალექსი მერებაშვილის თქმით, შემთხვევა 17 აპრილს მოხდა. გორის რაიონულმა სასამართლომ კი, ის გაამართლა ბრალდებაში, რომლის მიხედვითაც ტეტუნაშვილი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მერებაშვილის თქმით, მათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართეს:

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოითხოვა კადრები გორის რაიონული სამმართველოს ადმინიტრაციული შენობიდან, თუმცა დიდი ალბათობით, რადგან ამ კადრებზე დაფიქსირებულია დანაშაულის ნიშნები და მასში მონაწილე პირების ვინაობა, გორის რაიონულმა სამმართველომ განაცხადა, რომ ეს ვიდეო კადრები არ არსებობს და შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუმალა.” – განმარტა ტეტუნაშვილის უფლებადამცველმა “ტვ პირველთან” საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button