მნიშვნელოვანირეგიონი

მოქალაქეები თურქეთიდან შემოტანილი პრეპარატებს ვერ ყიდულობენ

“პირველად ვიყიდე თურქული პრეპარატი. გვეუბნებოდნენ შემოდისო და აქამდე არ იყო”- მოქალაქეები თურქეთიდან შემოტანილი პრეპარატებს ვერ ყიდულობენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან, საქართველოში წამლების შემოტანა იანვრიდან დაიწყო.

17 იანვარს გაცემული განკარგულების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკა იმ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა, რომლებთანაც საქართველოს „პარალელური იმპორტის რეჟიმი“ აქვს დაწესებული.
თურქეთიდან შემოსული იაფი პრეპარატები საქართველოში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში გადანაწილდა, თუმცა, რეგიონებში მოქალაქეები წამლების შეძენას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სააფთიაქო ქსელიდან შეტყობინების მიღების მიუხედავად, პრეპარატები ხელმისაწვდომი არ არის.

” რამდენჯერმე მივიღე შეტყობინება, რომ წამლები იყიდება და შემიძლია შეძენა, თუმცა აფთიაქებში მეუბნებოდნენ, რომ პრეპარატები არ არის. ძალიან ხშირად ვიყენებ პრეპარატ ” ბეტასერკს”, რომელიც 30 ლარამდე ღირს. ახლა პირველად მოვახერხე წამლის შეძენა, შედარებით იაფია, თუმცა შემდეგ შეძენას შევძლებ თუ არა, ვერ გეტყვით”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
სააფთიაქო ქსელებში ამტკიცებენ, რომ პრეპარატები არის და მათი შეძენა, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლიათ.
” მას შემდეგ, რაც წამლების შემოტანა დაიწყო, ჩვენთან პრეპარატები შემოდის და ვყიდით. ვერ გეტყვით, ვინ და რატომ ვერ შეიძინა ისინი. ახლა გვაქვს ბევრი დასახელების პრეპარატი და ყველას შეუძლია ყიდვა”- განუცხადეს რადიო ჰერეთს ერთ- ერთ სააფთიაქო ქსელში.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, თურქეთიდან შემოტანილი პრეპარატების ხარისხზე კონტროლი უნდა განხორციელდეს.
“შესაძლოა, მედიკამენტი არ იყოს ფალსიფიცირებული, წარმოებული იყოს სწორად, მაგრამ რაღაც პერიოდით იყოს შეუსაბამო პირობებში შენახული და შეუსაბამო ტრანსპორტით იქნას გადატანილი. ასეთი მედიკამენტი აღარ არის ვარგისი ხმარებისთვის.
რაკი სახელმწიფო მიდის ამ ნაბიჯზე, მაშინ აუცილებლად უნდა დავამატოთ დამატებითი მექანიზმები, ფილტრები, თუნდაც დოკუმენტაციის მოთხოვნის დონეზე, რომ შევამციროთ რისკები”- ამბობს მარგველაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა და 62- ის ნაცვლად, 19 მილიონი გადაიხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button