მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში აქცია დაგეგმეს

საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით, მოქალაქეებმა Facebook-ზე აქცია დაგეგმეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები დაუსაბუთებელი და შერჩევითია. ისინი მთავრობისგან თავისუფლებისა და არჩევანის უფლების დაბრუნებას ითხოვენ.

„უკვე ერთი თვეა, რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევით სამართლით. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება!

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული! ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი არა მხოლოდ მთავრობის ქმედებებს შეეხება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკუთარ ვალდებულებებს და გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გაძლიერდეს კონტროლი მთავრობაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენ სოციალური დისტანციისა და კანონების სრული დაცვით, მივაწვდენთ პოლიტიკოსებს (მმართველ პარტიასა და ოპოზიციას) ჩვენს ხმას. ამისათვის, საგანგებო მდგომარეობის პარლამენტში განხილვის მომენტში, ჩვენ ვირტუალურად შევიკრიბებით პარლამენტის წინ. Check-in-თან ერთად, დავაფიქსირებთ თითოეული ჩვენთაგანის პოზიციას! როგორც ყოველთვის, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოგვისმენენ.

ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და – არა მთავრობის!

#არაუკონტროლომმართველობას“, – წერია განცხადებაში.

აქცია 22 აპრილს, პარლამენტის წინ, 12:00-დან 14:00 საათამდეა დაგეგმილი.

კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. ამ დროის შუალედში, იკრძალება ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება. სრულად აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება.

საგანგებო მდგომარეობის ვადა დღეს იწურება. მთავრობამ 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და სხვა შეზღუდვები.

მსგავსი პოსტები

Back to top button