მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები. 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებიან პოლიტპატიმრების მშობლები. ისინი დღეს ღამეს გაათევენ.
ცოტა ხნის წინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მივიდნენ „მედიის სოლიდარობის“ მარშის მონაწილეები. მათ 9 აპრილის მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ამასთან, მათ 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული მოქალაქეების სახელი და გვარები გააჟღერეს.
“დიდება გმირებს!”, – აღნიშნავდნენ მოქალაქეები.
დღევანდელ აქციას სხვადასხვა ორგანიზატორი ჰყავს, ნაწილი რუსთაველის გამზირზე აპირებს ღამის გათენებას.
კერძოდ, 9 აპრილის მემორიალთან ღამეს გაათენებენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს.
ასევე ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, შეკრებილები 04:00 საათზე, ფიცს დადებენ.
ამასთან დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საწინააღმდეგო უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 132-ე დღეს თბილისში გაიმართა „მედიის სოლიდარობის მარში“.
დემონსტრანტებმა – ჟურნალისტებმა, მედიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა სხვა მხარდამჭერებმა – ფილარმონიიდან მოაწყვეს მსვლელობა და რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მივიდნენ.
მანამდე ფილარმონიასთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი დემონსტრანტები – საზოგადოების ნაწილი თავდაპირველად სწორედ იქ იკრიბება 132-ე დღეა და მსვლელობით მიდის პარლამენტთან.
მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ სიმართლის თქმას, „უკანონობის მხილებას და კრიტიკას“.
დემონსტრანტები სოლიდარობის უცხადებენ მზია ამაღლობელს – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს, მედიამენეჯერს, რომელსაც პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და რომლის გათავისუფლებასაც ევროკავშირი და დასავლური ქვეყნები ითხოვენ.
„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, – წერია მზია ამაღლობელის სიტყვები დემონსტრანტების ერთ-ერთ ბანერზე. საავტომობილო გზა გადაკეტილია.
დღესვე დაგეგმილია 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა.
ღამისთევის ერთ-ერთი ორგანიზატორია პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ვერ ამბობს, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან.
დღეს, 8 აპრილს, სწორედ ამ ადგილზე იკრიბებიან 2024 წელს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრები.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდება, დაკავებული ახალგაზრდები ციხიდან გაათავისუფლოს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხვალ, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.
„ მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე.
გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. გამარჯვება ხალხშია – ძალა ერთობაშია!”,- აცხადებენ ისინი.