მორიგი საპროტესტო აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ განთავისუფლებული თანამშრომლები დედოფლისწყაროში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და კომპანიის კუთვნილი, ნედლეულით დატვირთული მანქანა რამდენიმე საათით შეაფერხეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპანიის 11 თვიანი სახელფასო დავალიანებაა, რომელსაც 84 ნავთობმომპოვებელი თითქმის ერთი წელია, უშედეგოდ ითხოვს.
ნავთობკომპანიასთან შეკრებილების თქმით, სახელფასო დავალიანების გაუსტუმრებლობა ერთ-ერთი თანამშრომლის თვითმკვლელობის მიზეზიც კი გახდა.
„თვეები ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელობას არბიტრაჟის გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება არ უნდა. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან. წამლების ფული არ ჰქონდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირის წინ, დავალიანების ჩარიცხვის ბოლო იმედიც რომ გადაეწურა, თავი მოიკლა“, – განუცხადა რადიო ჰერეთს აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა „ფრონტერას“ დედოფლისწყაროს საბადოს მენეჯერიც. გიორგი ჯანიაშვილმა დავალიანების გასტუმრების კონკრეტული ვადა ვერ დაასახელა.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა ვადაში შეიძლება დავალიანება დაიფაროს“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
საარბიტრაჟო დავა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ „ფრონტერას“ ცოტა ხნის წინ მოუგო. სასამართლომ კომპანიას ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.
კომპანია „ფრონტერას“ 84 თანამშრომლის დავალიანება მილიონ ლარს აღწევს. განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპანიას სასამართლოში შვიდი თვის წინ უჩივლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო აქციებს პერმამენტულად მართავენ.
რამდენიმე დაღის წინ, საქართველოს მთავრობამ კომპანიის თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლისათვის, ერთჯერადად, 1200 ლარიანი დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.