კახეთში ელექტროენერგია 4 თეთრით გაძვირდა

დღეიდან კახეთში დენის საფასური 4 თეთრით გაძვირდა და მოსახლეობა 1 კვ ელექტროენერგიაზე, 13-ის ნაცვლად, 17 თეთრს გადაიხდის.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, ამიტომ დღეიდან, პირველი მარტიდან მოსახლეობა შეღავათით ვეღარ ისარგებლებს. კახეთში რიგითი ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებას ჰპირდებოდა, საპირისპიროდ კი მოხდა.

ოფიციალური ინფორმაცით: მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასური, კერძოდ, მათი, ვისი მოხმარებაც ერთი თვის განმავლობაში 301 კვ საათს არ აღემატება, გაუთანაბრდება საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ ტარიფებს, ხოლო ვისი მოხმარებაც 301 კვ საათს აღემატება, მათი ტარიფები დარჩება უცვლელი, ანუ 17 თეთრი.

ბუნებრივი აირი კი მხოლოდ თელავის მოსახლეობის ნაწილისთვის, 1 აპრილიდან 11 თეთრით ძვირდება. ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ, რომ, კახეთის რეგიონში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასების გაზრდის გამო, ხალხთან ერთად აქციები გამართონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button