მნიშვნელოვანისიახლეები

მოსამართლე გალუსტაშვილმა კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მელია 8 თვით დააპატიმრა

რვათვიანი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია “ახლის” თანადამფუძნებელ ნიკა მელიას, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო – კომისია, რომელსაც ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს. მელია 2012 წლამდე პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდა და არც რომელიმე პარტიის წევრი არ ყოფილა.

გადაწყვეტილება მელიას სასჯელის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გარდა თავისუფლების აღკვეთისა, მას ორი წლის განმავლობაში შეეზღუდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, დაეკისრა 25 000-ლარიანი ჯარიმა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის გამო. 2019 წლის განაჩენით, მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.

2019 წელს ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარედგინა სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 205-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში – რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით, – ხოლო სსკ-ის 332–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

მელია საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – ის გირაოს ვადის ამოწურვის წინა დღეს, პოდკასტ “ორ ცეცხლს შუას” ჩაწერაზე მიმავალი გააჩერა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა და დააკავა. მელიას შეფასებით, მისი ეს დაკავება “გატაცება” იყო.
რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკა მელიას განცხადებით, „რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს და საკუთარი „მე“ წაგვართვას”.

„გამარჯობა და გამარჯვება! მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე! ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ. ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ.

რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.

არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.

მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.

საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!

აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.

ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით! მოკითხვა სართულის მეზობელს – გიორგის, მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის. მოკითხვა გივი თარგამაძეს! მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს”, – ნათქვამია წერილში.

“რაც არ უნდა წერონ და იკითხონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება,” – ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს 8-თვიანი პატიმრობა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა 2 წლით და 25 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

მისივე თქმით, ნიკა მელია ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

“რაც შეეხება ჯარიმას, არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის აღსრულებას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას – იგი ორჯერაა დაპატიმრებული, დღეს საერთოდ გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინათ, მოგეხსენებათ, ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული და ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლეზე წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა,” – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმაც.

“საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ნორმატიული ბაზა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა ნამდვილად,” – აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. “კოალიცია ცვლილების” ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, მას აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარმოებულ 2019 წლის საქმეზე.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button