მოსამართლე ლევან ყოლბაიამ სტუდენტი და პიანისტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
დაცვის მხარე სტუდენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ყოლბაიას განმარტებით, ანრი კაკაბაძე წარსულში მსგავსი ბრალდების გამო, გირაოს საფუძველზე უკვე იყო გათავისუფლებული.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს, 28 იანვარს კი მათ მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მხოლოდ პროფესორსა და 3 სტუდენტს.
რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, ის პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, თუმცა ლექტორი და სამი სტუდენტი გირაოს საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდნენ.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში თითქმის ერთი თვეა სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ და სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.